ეკონომიკა | ცაგერის მუნიციპალიტეტი

ეკონომიკა

 ცაგერის მუნიციპალიტეტში მთლიანი შიდა პროდუქტი  შეადგენს 15 მილიონ ლარს. მუნიციპალიტეტის მშპ-ს 20%-მდე  შეადგენს საამშენებლო სამუშაოები,  5%-ს შეადგენს სამთო-მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობა, ხოლო  ვაჭრობა და  მომსახურეობა – 18%-ს.  დანარჩენი პროცენტი  57%  მოდის ხელფასებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე.

 

სამრეწველო პოტენციალი. ცაგერის მუნიციპალიტეტში მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადად იგი შემოიფარგლება ქვის დამუშავებით, ინერტული მასალების მოპოვებით, კვების მრეწველობით (პურის საცხობები, ლიმონათის საამქროები). ამასთან, მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი და ჰიდრო  რესურსებით, წიაღისეულით, ხე-ტყით.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ლაჯანურის ჰიდრო-ელექტრო სადგური, რომლის საპროექტო სიმძლავრე არის 105 მგვტ, ასევე ორბელჰესი -ამჟამად უმოქმედო, სიმძლავრე 2 მგვტ. ადრე მიმდინარეობდა და მომავალში უნდა განახლდეს ნამოხვან-ჰესის კასკადის მშენებლობა (სიმძლავრე 100 მგვტ). მუნიციპალიტეტში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის დიდი პოტენციალია. ამჟამად სოფელ ოყურეშში მდ.რაჩხაზე მიმდინარეობს ჰესის მშენებლობა, რომლის საპროექტო სიმძლავრე არის 16 მგვტ.

ბუნებრივი რესურების -მხრივ  მუნიცპალიტეტი მდიდარია ინერტული მასალებით . არის  ბარიტისა და დიაბაზის საბადოები.

მევენახეობა. ცაგერის მუნიციპალიტეტში მევენახეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ვაზი გაშენებულია 570 ჰა-ზე (განაშენიანება დაგეგმილია 300 ჰა-ზე), ხოლო მოსავლის საერთო მოცულობა შეადგენს 2000 ტონას, მათ შორის; „უსახელოური“ 50 ტონა (მომავალში 100 ტ-მდე), „ოჯალეში“ 300 ტონა, “ცოლიკაური“ 1600 ტ., სხვა ჯიშები – 50 ტ.  ლეჩხუმში სამოცზე მეტი ვაზის ჯიშია დამოწმებული. ამდენად, მევენახეობის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო კუთხეს წარმოადგენს.

 

დღეისათვის ლეჩხუმში ვაზის ჯიშთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ცოლიკაური, ოჯალეში, უსახელაური, რომელთა მასალისაგან მზადდება საერთაშორისო დეგუსტაციებზე მრავალჯერ გამარჯვებული სამარკო ღვინოები: “ტვიში“, „ოჯალეში“, “უსახელაური“. აღნიშნული ჯიშები მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიკროკლიმატში ამჟღავნებს უნიკალურ თვისებებს, მიუხედავად ამისა, საოჯახო მეურნეობაში მოწეული პროდუქციის რეალიზაცია გაძნელებულია. საჭიროა სახელმწიფოს ხელშეწყობა, ინვესტორების დაინტერესება, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოწეული პროდუქციის ადგილზე გადამუშავება, საჭიროა ადგილწარმოშობის სერთიფიკატის გაცემა, რაც ხელს შეუწყობს დარგის პოპულარიზაციას და ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმებას. დარგი სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად საჭიროებს ყურადღებას, განსაკუთრებით კი, საერთაშორისო თუ შიდა ბაზარზე დამკვიდრების საკითხში.

 

მეფუტკრეობა თითქმის მთელს მუნიციპალიტეტშია განვითარებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიჰყო ხელი მოსახლეობამ ფუტკრის მოშენებას. დღეის მდგომარეობით მოშენებულია 3800 ოჯახი ფუტკარი (წარმოებული პროდუქცია 80 ტ.), მომავალში იგეგმება 5000 ოჯახის მოშენება, ხოლო პროდუქციის წარმოება მიაღწევს 150 ტ-ს. აქაური თაფლი გამორჩეულია გემური და სამკურნალო თვისებებით, რაც გამოწვეულია ხე-მცენარეებისა და ყვავილოვანი მცენარეების მრავალფეროვნებით. სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გამოიხატოს არა უშუალოდ ფულადი დახმარებით, არამედ ფერმერთა გადამზადებით. ამავე დროს სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება პროდუქციის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით სერთიფიცირების კუთხით.

 

მეთევზეობა. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩამოედინება მდინარეები “ჯონოული“ (სიგრძე 20 კმ) და “ლაჯანური“ (სიგრძე 29 კმ.), რომლებშიც არის დიდი რაოდენობით კალმახი. ამ მდინარეების წყალი თავისი შემადგენლობით საუკეთესოა საკალმახე მეურნეობის განვითარებისათვის. მუნიციპალიტეტში გაკეთებულია და ამჟამადაც ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე ზომის პრიმიტიული საკალმახე მეურნეობა. აღნიშნულ საკალმახე მეურნეობებში გაზრდილი კალმახი ხასიათდება მაღალი გემოვნური თვისებებით და მოთხოვნადია ბაზარზე. დღეის მდგომარეობით კალმახის წარმოება 50 ტ-დეა,  ხოლო სხვა სახის თევზი (კობრი,სქელშუბლა) -45 ტ-მდე.

 

მუნიციპალიტეტში არსებული მდინარეების რესურსის გამოყენებით შესაძლებელია რამდენიმე საკალმახე მეურნეობის მოწყობა, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ამ დარგის განვითარებისათვის საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა და ასევე კალმახის გამოზრდის თანამედროვე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სწავლება.

ტურიზმი

ცაგერის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია   ხვამლის მთა, რომელიც მიიჩნევა ძველი ისტორიული ანტიკური წყაროებიდან ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ხვმლის მთა ტურისტებისათვის დღესაც  მიმზიდველი და საინტერსოა.

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია  წმიდა მაქსიმე აღმსარებელის  საფლავის აღმოჩენა სოფ. ჩხუტელში, ისტორიულ ადგილზე მურში.  წმინდა მაქსიმეს ძალიან დიდი ავტოროტეტი ჰქონდა ბიზაანტიის მოსახლეობაში, მწვალებლობაში მყოფი იმპერატორი და სასულიერო პირები ყოველმხრივ ცდილობდნენ, ნეტარი  მამა რომელიმე ცრუმოძღვრების მიმდევარი გაეხადათ. მათი ყოველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც ხელი და ენა მოჰკვეთეს ნეტარ მამას და თავის ორ მოწაფესთან  ერთად ლაზიკაში გადაასახლეს. ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ წმნიდა  მაქსიმე ციხესიმაგრე სქიმარში გარდაიცვალა.

 

ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალა მდებარეობს ცაგერიდან 20 კმ-ზე მდ. ლაჯანურის ხეობაში ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე.  კლიმატი  ნოტიოა, ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1200-1400 მმ-ს შეადგენს. ბალნეოლოგიური კურორტის პროფილია – გასტროლოგიური ართროლოგიური (პნს) პერიფერიულ ნერვული სისტემის მკურნალობა. წყაროების დღეღამური დებეტი  20 ათას ლიტრს აღწევს. მას იყენებენ როგორც სასმელად, ისე სააბაზანო პროცედურისათვის. კურორტი  ფუნქციონირებს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში.   ლაშიჭალაში ფუნქციონირებს 250 კაციანი პანსიონატი და კერძო საოჯახო სასტუმროები.

 

მუნიციპალიტეტის სხვა საკურორტო ადგილებია  ახალჭალა , „ძუღური“,ლაძგვერია , შუა აღვი, ალპანა,  ზუბი.

საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის შიდა სახელწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასტილის მაგისტრალის 35 კმ. მონაკვეთი, ცაგერი-ალპანა-ამბროლაური-მამისონის მაგისტრალის 22 კმ. მონაკვეთი, ალპანა-ქუთაისის 15 კმ. მონაკვეთი (საერთო სიგრძე – 72 კმ).

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის 500კმ გზაა. რკინიგზა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ არის. ხიდების საერთო რაოდენობაა 30, ხოლო მათი საერთო სიგრძეა 1147 მ.

ტყის რესურსები და გარემოს დაცვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  ძირითადი ნაწილი უჭირავს  ტყეებს (47 000 ჰა). მუნიციპალიტეტში აუცილებელია ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების გატარება. ტყეების დეგრადაციის გამომწვევ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ტყის ხანძრები.  არასამთავრებო ორგანიზაციის პროექტების ფარგლებში მუნიციპალიტეტში პერიოდულად ხორციელდება მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები.

 

მდ. ჯონოულის და მდ. ლაჯანურის ხეობები შეიძლება გამოყენებული იქნას სამონადირეო ტურიზმის,  მეთევზეობის,  ცხენოსნობის და ნადირობის თვალსაზრისით. მდ. ჯონოულის აუზის ფართობი შეადგენს 114 კმ2-ს, მდინარეში არის თევზი (კალმახი) და შესაძლებელია მოეწყოს  მეთევზეობის  ფერმული მეურნეობები. მდ. ლაჯანურის  ხეობის ფართობი შეადგენს 295 კმ2-ს.

 

 სოციალური მდგომარეობა და სოციალური ინფრასტრუქტურა

მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 42 ბიბლიოთეკა,  25 – სასოფლო კლუბი,  ერთი სპორტული სკოლა  და სპორტული დარბაზი, სახალხო თეატრი, ერთი ისტორიული მუზეუმი ხუთი ფილიალით, 25 საჯარო სკოლა, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია და 14 სკოლამდელი დაწესებულება (ბაგა-ბაღი).

 

მუნიციპალიტეტში 2015  წელს რეგისტრირებულია 1006 საჯარო სკოლის მოსწავლე და 314  სკოლამდელი დაწესებულების  აღსაზრდელი.  მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს ემსახურება სასკოლო მიკროავტობუსები. უკანასკნელ წლებში მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამაღლდა კადრების კვალიფიკაცია, საჯარო სკოლებში განხორციელდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სკოლების დიდი ნაწილი აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და ჩაერთო ინტერნეტის ქსელში. თუმცა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არადამაკმაყოფილებელია. შესაძლებელია ქ.ცაგერში ამოქმედდეს კერძო პროფესიული კოლეჯი.

 

2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით აღრიცხვაზე იმყოფებოდა საარსებო შემწეობის მიმღები 2113 ოჯახი. 2015 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით შემწეობის მიმღებია 1622 ოჯახი. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 უმწეოთა სასადილო (ერთი სოფელ ლაჯანაში, რომელიც ემსახურება 25   ბენეფიციარს, ხოლო მეორე ქ.ცაგერში, რომელიც 78 ბენეფიციარს ემსახურება).

 

მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით არის 3734 პენსიონერი, 10 – მრავალშვილიანი ოჯახი, 2 მარტოხელა დედა, 119 ომის მონაწილე და 411 იძულებით გადაადგილებული პირი.

 

მუნიციპალიტეტში მოქმედებს ერთი საავადმყოფო  25 საწოლით, ასევე, 17 ამბულატორია. თემებში მოსახლეობის ჯამრთელობაზე ზრუნავს 24 ექიმი და 39 მედდა, თუმცა, მუნიციპალიტეტი ექიმების ნაკლებობას განიცდის. მუნიციპალიტეტს ამჟამად ემსახურება ორი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა. მუნიციპალიტეტში ასევე ფუნქციონირებს 4 კერძო სტომატოლოგიუფრი კლინიკა. ამასთან, მუნიციპალიტეტში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები განიცდის მაღალკვალიფიციური კადრების უკმარისობას, განსაკუთრებით – ვიწრო სპეციალობით, რაც იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ გასვლას ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში. აქტუალურია სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა.

 

 

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის ძირითადი მაპროფილებელი პროდუქტებია: ყურძენი, ხილი  (კურკოვანი და თესლოვანი), მარცვლეული კულტურები (სიმინდი , ლობიო), თაფლი, ხორცი, რძე.

 

მემცენარეობის პრიორიტეტული მიმართულებაა მევენახეობა, სადაც ყველა ყურძნის ჯიშის მოსავალმა 2015 წელს შეადგინა 1718 ტონა, აქედან ცოლიკაური – 1240 ტონა 421 ჰა-ზე, ოჯალეში – 352 ტონა, უსახელაური – 32 ტონა და ალაქსანდროული – 10 ტონა.

 

ერთწლიან კულტურებში ძირითადი ადგილი უკავია სიმინდისა და ლობიოს წარმოებას, რისი მოსავლიანობა წლევანდელი მდგომარეობით დაბალია, რაც გამოწვეულია კლიმატური პირობებით. 914 ჰა-ზე სიმინდის მოსავლიანობამ შეადგინა 1,6 ტონა, ხოლო 224 ჰა-ზე ლობიოს მოსავლიანობამ – 0,4 ტონა.

 

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობა სახეობის მიხედვით სულ 14864 ჰა-ს შეადგენს; მათ შორის:

  • სახნავი-2341 ჰა;
  • მრავალწლიანი ნარგავები -1120ჰა;
  • სათიბი -1060ჰა;
  • საძოვრები -9842 ჰა;

 

მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს მსხვილი ფერმერული მეურნეობები, ასევე, მწირია ფერმერთა კოოპერატივები ან/და სხვა სახის გაერთიანებები. ფერმერთა შორის ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის დონე ძალზე დაბალია. აგერთვე, საჭიროა  სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა