სოფლის მეურნეობა | ცაგერის მუნიციპალიტეტი

     არქეოლოგიური გათხრებით დადგენილია, რომ ჯერ კიდევ ნეოლთის ეპოქაში (ჩ/წ აღრიცხვამდე VI-IV ათასწლეულები) საქართველოში გავრცელებული იყო კილიანი და რბილი ხორბალი. ე.ი. საქართველო მიწათმოქმედებისა და რბილი ხორბლის უძველესი კერაა მსოფლიოში.

    ფეოდალურ ლეჩხუმს ბატონყმურ – ნატურალური, მაგრამ მთის კუთხეებთან შედარებით კარგად განვითარებული მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა ჰქონდა. ლეჩხუმში მიწათმოქმედება, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა და თევზჭერა უძველესი დარგებია.

       ცაგერის მუნიციპალიტეტში (ლეჩხუმში) მიწათმოქმედებას, კერძოდ ხორბლის თესვა-მოყვანას უძველესი დროიდან (ქვის ხანა)  ეწეოდნენ ჩვენი წინაპარი ტომები. ამას სხვა წყაროებთან ერთდ ადასტურებს სოფლების: ნაკურალეშის, ზუბის, ზედა ტვიშის და დღნორისის ტერიტორიაზე მოპოვებული ქვის, კაჟის, ძვლის სამეურნეო იარაღები.

    მუნიციპალიტეტში  უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ხორბლის ენდემური ჯიშები „მახა’’ და „ზანდური’’, რომელთაც ხორბლის ჯიშებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. მკვლევართა აზრით დასახელებულმა ჯიშებმა მისცეს სათავე ჩვენს კულტურულ ხორბლის ჯიშებს. მეტად საინტერესო და თავისებურია  „ზანდურისა’’ და „მახას’’ საკრეფი იარაღი, – თასმით  გადაბმული ორი ჯოხი, რომელსაც „შნაკვს’’  უწოდებენ. აქვეა მოპოვებული ქვის ხანის კაჟისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი სამეურნეო იარაღები: სახვნელები; ნამგლები; საფხეკები და სხვა.

    უძველესი დროიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის (ლეჩხუმი) უძველესი დარგია ასევე მევენახეობა-მეღვინეობა, ამას ადასტურებს აქ მოპოვებული არქეოლოგიური და წერილობითი მასალები. ლეჩხუმში 60-ზე მეტი ვაზის ჯიშია დამოწმებული. ადგილობრივი ენდემური ჯიშებად მიჩნეულია: „ოყურეშული’’ (უსახელაური), „საირმული’’, „მწვანე ცოლიკაური’’, „ორხვული’’ და სხვა.

      მუნიციპალიტეტში ფართოდ იყო გავრცელებული  პარკოსნები: ლობიო, მუხუდო, ცერცვი, ოსპი. სიმინდის კულტურის შემოსვლიდან მასთან ერთად დღემდე ირგვება და ითესება ლობიო. მასიურად იყო და არის ხეხილის ბაღები(კურკოვნების და კენკროვნების ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშები).

      ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში’’ აღნიშნავს – „თუმცა არს ლეჩხუმი მთის ადგილად თქმული, გარნა არს ვენახიანი, ხილიანი, მოვალს ყოველნი მარცვალნი თვინიერ ბრინჯისა და ბამბისა’’.

      ცაგერის მუნიციპალიტეტში მევენახეობა დღესაც ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ვაზი გაშენებულია 570 ჰა-ზე (განაშენიანება დაგეგმილია 300 ჰა-ზე), ხოლო მოსავლის საერთო მოცულობა შეადგენს 2000 ტონას, მათ შორის; „უსახელოური“ 50 ტონა (მომავალში 100 ტ-მდე), „ოჯალეში“ 300 ტონა, “ცოლიკაური“ 1600 ტ., სხვა ჯიშები – 50 ტ.  ამდენად, მევენახეობის თვალსაზრისით მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო კუთხეს წარმოადგენს.

    დღეისათვის ლეჩხუმში ვაზის ჯიშთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ცოლიკაური, ოჯალეში, უსახელაური, რომელთა მასალისაგან მზადდება საერთაშორისო დეგუსტაციებზე მრავალჯერ გამარჯვებული სამარკო ღვინოები: “ტვიში“, „ოჯალეში“, “უსახელაური“. აღნიშნული ჯიშები მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიკროკლიმატში ამჟღავნებს უნიკალურ თვისებებს.

    მეფუტკრეობა თითქმის მთელს მუნიციპალიტეტშია განვითარებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიჰყო ხელი მოსახლეობამ ფუტკრის მოშენებას. აქაური თაფლი გამორჩეულია გემური და სამკურნალო თვისებებით, რაც გამოწვეულია ხე-მცენარეებისა და ყვავილოვანი მცენარეების მრავალფეროვნებით.

    მეთევზეობა ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩამოედინება მდინარეები “ჯონოული“ (სიგრძე 20 კმ) და “ლაჯანური“ (სიგრძე 29 კმ.), რომლებშიც არის დიდი რაოდენობით კალმახი. ამ მდინარეების წყალი თავისი შემადგენლობით საუკეთესოა საკალმახე მეურნეობის განვითარებისათვის,  აქ გაზრდილი კალმახი ხასიათდება მაღალი გემოვნური თვისებებით და მოთხოვნადია ბაზარზე.

      ლეჩხუმელები ოდითგანვე მისდევდნენ და დღესაც სათანადო დონეზე დგას მეცხოველეობა (მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის მოშენება). ერთწლიან კულტურებში ძირითადი ადგილი უკავია სიმინდისა და ლობიოს წარმოებას.