ხელოვნება, კულტურა და სპორტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი

                                               კულტურის ცენტრი

 ცაგერის მუნიციპალიტეტის კულტურის  ცენტრი აერთიანებს თეატრალურ, საესტრადო ფოლკლორულ კოლექტივებს.

    სახალხო თეატრის ჩამოყალიბებას ცაგერში წინ უძღოდა მდიდარი თეატრალური წარსული. პირველი თეტრალური დასი შეიქმნა 1903 წელს  ვ. მახარობლიძის მოგონებებიდან ვგებულლობთ, რომ პირველი წარმოდგენები იმართებოდა აივნებზე ღია ცის ქვეშ, ბერების ყოფილ სახლში. პირველ თეატრალურ კოლექტივში მიიღო სცენური ნათლობა შემდეგში სახელმოხვეჭილმა მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელსაც მინიჭებული  ჰქონდა  საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

     ვარლამ მახარობლიძემ, ვარლამ გოლეთიანმა და ვალიკო გუგავამ შექმნეს პირველი თეატრალური დასი, რომელმაც შემდეგში საფუძველი მოამზადა ჯერ საკოლმეურნეიო ხოლო შემდეგ სახალხო თეატრის შექმნისათვის.

    1930 წელს გაიმართა პირველი სპექტაკლი ვ. გუნიას ,,და-ძმა“. 1939 წელს შეიქმნა საკოლმეურნეო თეატრი, რომლის დირექტორად აკაკი ხეცურიანი დაინიშნა, სამხატვრო ხელმძღვანელად პატუ ლოლაძე. თეატრში მოღვაწეობდნენ მსახიობები : შალვა მჟავანაძე, გიორგი გეგენავა, შურა ცქიტიშვილი, ნინო ყუბუსიძე, ბიძინა ფანჯავიძე, სევერიან კოპალიანი, თამარ ჩიქოვანი, თამარ სვანიძე, აკაკი მდივანი, გუძიკო ახვლედიანი და სხვები.

     საკოლმეურნეო თეატრმა სეზონი ქოჩარიონის ,,ბრმა მუსიკოსი“- თ  გახსნა შემდეგ კი მოკლე დროში მოამზადა და მაყურებელს უჩვენა 20 ახალი სპექტაკლი: ,,სამშობლო“, ,,სამანიშვილის დედინაცვალი“, ,,კომბლე“, ,,პლატონ კლეჩტი“, ,,კოლმეურნის ქორწინება“, ,,ყვარყვარე თუთაბაერი“ და სხვა.

     1959 წლის 18 სექტემბერს საკოლმეურნეო თეატრმა სახალხო თეატრის საპატიო წოდება მიიღო.

    სახალხო თეატრის საუკეთესო ფურცლები ეკუთნის ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ თეატრალურ ხელოვნებას: გრიგოლ მდივანი, სევერიან კოპალიანი, ალექსანდრე გოგიძე, ბაბუცა ბაქრაძე, ბორის და დუტუ ხეცურიანები.

     როგორც, დრამატურგმა რეჟისორმა და საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა გრიგოლ მდივანმა წარუშლელი კვალი დატოვა ლეჩხუმის კულტურულ ცხოვრებაში.

    სახალხო თეატრის სახელოვანი ტრადიციები ღირსეულად გააგრძელეს შემდგომმა თაობებმა და ეს გზა დღესაც გრძელდება...

   კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს ახალგაზრდული და ბავშვთა თეატრები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოლკლორული ანსაბლი  ,,სალაღობო“.

     საყოველთაო მოწონებებს იმსახურებს მოქმედი მუსიკალური კოლექტივები: ქალთა ანსაბლი, აკადემიური გუნდი, კამერული გუნდი, ხალხურ საკრავთა ანსაბლი.

ცაგერის  ვარლამ  მახარობლიძის  სახელობის

ისტორიული   მუზეუმი

ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1937 წელს მხატვრის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ მახარობლიძის ძალისხმევით. მანვე მოიძია და შეიძინა მუზეუმის ექსპონატების დიდი ნაწილი. საქართველოს უახლესი ისტორიის რთული პერიოდისა და 1996 წელს მუზეუმში გაჩენილი ხანძრის მიუხედავათ, კოლექციების  მნიშვნელოვანი ნაწილი შენარჩუნებულია.

    1997 წელს მუზეუმს ეწოდა ვარლამ მახარობლიძის სახელი, ხოლო 2007 წელს, ისტორიული მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.

   ცაგერის ისტორიული მუზეუმი საქართველოს რეგიონულ მუზეუმებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია. მასში დაცულია ლეჩხუმის (,,სკვიმრია“-ბერძნული, ბიზანტიური, სომხური წყაროების მიხედვით; ,,თაკვერი“ – ქართული წყაროების მიხედვით) ტერიტორიაზე სხვადასხა დროს აღმოჩენილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონანტები.

    მხარის გეოლოგიური წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მნიშვნელოვანი ნიმუშები წარმოდგენილია მუზეუმის გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული, ფოტოხელოვნების ნიმუშებისა და ფერწერული კოლექციების სახით.

    ექსპონატების უმრავლესობა შემთხვევით მონაპოვარს წარმოადგენს. მათი საერთო რაოდენობა, რომელიც მუზეუმში შემოსულია შესყიდვის, ნაჩუქრობისა და არქეოლოგიური გათხრების შედეგად, 10 000 – მდე არტეფაქტს ითვლის.

     ცაგერის ისტორიული მუზეუმის შემადგენლობაში არის ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი სოფელ ბარდნალაში, არჩილ გელოვანის სალ-მუზეუმი სოფელ სპათაგორში, სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმი სოფელ ზოგიშს და სურათების გალერეა  ქ. ცაგერში.

                             ცაგერის  ,,მექი ყურაშვილის“  სახელობის 

                                 მუსიკალური  სკოლა

 

   ცაგერის მექი ყურაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლა დაარსდა გასული საუკუნის  60- წლების დასწყისში.

  სკოლაში არის საფორტეპიანოს  განყოფილება სადაც ისწავლება შემდეგი საგნები ფორტეპიანო, სოლფეჯიო, მუსიკალური ლიტერატურა და გუნდი.

  მუსიკალურ სკოლაში სწავლობს  70 – მოსწავლე , რომლებსაც ემსახურება  10 პედაგოგი   და 5 – დამხმარე პერსონალი.

                                     ცაგერის    მთავარი   ბიბლიოთეკა

 

 ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკა აერთიანებს ახალგაზრდულ და საბავშვო განყოფილებებს.

 მთავარი ბიბლიოთეკას აქვს 41 – სასოფლო განყოფილება მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეადგენს სულ     175000 – ცალს…

   ცაგრის მთავარი ბიბლიოთეკის ოფისი 2014 წლიდან გადასულია ახლად რეაბილიტიზირებულ შენობაში.

                                  სამხატვრო    სკოლა

 

    ცაგერის სამხატვრო სკოლა დაარსდა 1981 წელს.

   სკოლაში ისწავლება ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ხელოვნების ისტორია, ქანდაკება (ხეზე კვეთა), გამოყენებითი ხელოვნება (ქსოვა და გობელენი).

   სკოლის აღსაზრდელები არიან ნიჭიერი მხატვრები, რომელთა ნამუშევრები წარმატებებს აღწევს სხვადასხა პრესტიჟულ გამოფენებში.

   ამჟამად ცაგერის სამხატვრო სკოლაში სწავლობს 38- მოსწავლე, რომელთა პროფესიულ აღზრდას ემსახურება 8 – პედაგოგი და 10 ტექნიკური მუშაკი.

                         ესთეტიკური   აღზრდის  ცენტრი

 

  ცაგერში ცეკვის პოპულარიზაციის საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის  ცნობილ ქორეოგრაფს მურთაზ დაშნიანს, მან  გასული საუკუნის 80 -იანი წლების დასაწყისში ახლად შექმნილ ესთეტიკური აღზრდის ცენტრში  ჩამოაყალიბა  ქორეოგრაფიული ანსამბლი, რომელმაც  არამარტო საქართველოში  არამედ უცხოეთშიც გაითქვა სახელი.

  ამჟამად ესთეტიკური აღზრდის ცენტრი  აერთიანებს სხვადასხვა ასაკობრივ ქორეოგრაფიულ ჯგუფს,  მათ შორის აღსანიშნავია  საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურიატი ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი“.

  წარმატებულ ქორეოგრაფიულ კოლექტივს  მინიჭებული აქვს სახალხო ანსამბლის საპატიო წოდება.

                                 ს

ლეჩხუმში სპორტს დიდი ტრადიციები გააჩნია. 900-იან წლებში სოფელ დღნორისაში ცხოვრობდა ქალბატონი ფოტინე ჩიქოვანი – ასათიანისა (გამოთხოვილი სოფელ ლაჯანიდან ) საყოველთაოდ ცნობილი მოჭადრაკე ქალი, რომელიც იმ პერიოდში ცნობილი მოჭადრაკეს ანდრია დადიანს (ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟიშვილი) ეპაექრებოდა და ზოგჯერ ჯობნიდა კიდეც.

წარსულში ლეგენდარული მოჭიდავე, კლასიკური ჭიდაობის დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი პროფესიონალებში კოლია ქვარიანი (მეტსახელად ,,ბეჭდაუდებელი ფალავანი’’) წარმოშობით სოფელ ორხვიდან იყო.

ასევე წარმოშობით ლეჩხუმიდან იყვნენ:

  • კრივში საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი და საქართველოს 13-გზის ჩემპიონი შალვა გორგასლიძე.
  • ოლიმპიური ჩემპიონი (გუნდურ ასპარეზობაში) ფარიკაობაში ნუგზარ ასათიანი და ოლიმპიური პრიზიორი ძალოსნობაში დიტო შანიძე.
  • წარსულში სახელგანთქმული ფეხბურთელი თბილისის ,,დინამოს’’ და სსრკ-ის ნაკრების წევრი კახი ასათიანი,რომელიც იყო მეხიკოს მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970 წელი).
  • ლეგენდარული მოსკოვის ,,სპარტაკის’’ მოთამაშე ჯემალ სილაგაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1969) და თასის მფლობელი (1968). ქვეყნის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი. ასევე აღსანიშნავია ცნობილი ფეხბურთელები როლანდ ისიანი, სოსო ფრუიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან სილაგაძე, მალხაზ ასათიანი.
  • ლეჩხუმლები იყვნენ სახელოვანი მთამსვლელები: ალექსანდრე ნემსიწვერიძე, ლევან ახვლედიანი, ზურაბ,ავთო და გოგი ახვლედიანები, მერაბ ნემსიწვერიძე … რომელთა მიერ დაპყრობილი იქნა მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალები.
  • აღსანიშნავია ქართული რაგბის სახელოვანი ოსტატები ვალერი გიორგობიანი და სერგო უგრეხელიძე.
  • ლეჩხუმში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა არის ფრენბურთი.საქართველოში და მის გარეთ გაითქვეს სახელი ცაგერელმა ფრენბურთელებმა.თუნდაც რად ღირს სპორტის ოსტატების თამაზ გოლეთიანის და დათო ხაბულიანის წარმატებები.
  • ცაგერიდანაა საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში, პირველი ქართველი ნიჩბოსანი ქალი, ლამარა ხეცურიანი.
  • სპორტის ოსტატი ჭადრაკში რაინდი მინდაძე, (სოფ.ორბელი) ყოფილ საბჭოთა კავშირში, გასული საუკუნის 70-იან წლებში, საჭადრაკო ეტიუდების ცნობილი ოსტატი იყო.
  • თავისუფალ ჭიდაობაში საკავშირო სარბიელზე თავი გამოიჩინეს სპორტის ოსტატებმა როინ ირემაძემ (სოფ.ნასპერი), რამაზ ჩაკვეტაძემ (სოფ.ტვიში) და ზურაბ მეშველიანმა (სოფ. ჩხუტელი)
  • ცაგერის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა სპორტსმენმა ქალმა მაყვალა  მდივანმა, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა.
  • ლეჩხუმის სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული. ცაგერის ,,ხვამლის’’ ფეხბურთელთა გუნდი , რომელიც გასული საუკუნის  50-იანი წლების ბოლოს და 60- იანი წლების დასაწყისში საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი იყო პროვინციულ გუნდებს შორის.
  • გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ცაგერის ,,ხვამლი’’ წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატის  II  ჯგუფში.
  • ცაგერის რაიონის სპორტის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გელა ხვადაგიანს, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტი ხელმძღვანელობდა სპორტის სამსახურს.

                    ცაგერის  კომპლექსური  სასპორტო  სკოლა

 

ცაგერის კომპლექსურის სასპორტო სკოლა შეიქმნა  გასული საუკუნის 40 -იან წლებში. ამჟამად სპორტული სკოლა აერთიანებს ქართული ჭიდაობის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობოის, კალათბურთის, კრივის და ორთაბრძოლების სექციებს, სადაც გაერთიანებულია 140 მოზარდი სპორტსმენი.

სპორტული სკოლის წარმომადგენელები წარმატებებს აღწევენ ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში, რესპუბლიკურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში.

                             საფეხბურთო კლუბი ,,ხვამლი“

 საფეხბურთო კლუბი ,,ხვამლი’’ შიქმნა 2014 წელს. მასში გაერთიანებულია 4 ასაკობრივი გუნდი 80 – მდე მოზარდით.

მათ შორის ორი გუნდი საშეჯიბროა და მონაწილეობას იღებს დასავლეთ საქართველოს ჭაბუკთა სახელობით ტურნირებში. კლუბში  არიან პერსპექტიული მოზარდები, რომლებიც  კარიერას აგრძელებენ ქვეყნის მოწინავე ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდებში.

                           ფრენბურთის კლუბი ,,ცაგერი’’

 ფრენბურთის კლუბი,, ცაგერი’’ შეიქმნა2015 წელს. კლუბი აერთიანებს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის პირველობებში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს , რომ ცაგერის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უცვლელი მონაწილე, გუნდი არის ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი.

 

                           საჭადრაკო კლუბი

საჭადრაკო კლუბი შეიქმნა 2015 წელს და ის აერთიანებს 25 მოზარდს. ნორჩი მოჭადრაკეები მონაწილეობას  იღებენ რეგიონალურ და ზონალურ შეჯიბრებაში.