სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად, ღვაწლმოსილ მეცნიერს, ისტორიულ-არქეოლოგიურ მკვლევარს ჯუმბერ კოპალიანს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან — რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, ღვაწლმოსილ მეცნიერს, ისტორიულ-არქეოლოგიურ მკვლევარს ჯუმბერ კოპალიანს შეხვდა.
ჯუმბერ კოპალიანი წარმოშობით ლეჩხუმიდანაა და თავისი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ისტორიისა და არქეოლოგიის კვლევაში. მისი სახელი განსაკუთრებით უკავშირდება დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიურ კვლევებს, რომლებმაც მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენების შესწავლას შეუწყო ხელი.
შეხვედრის ფარგლებში, ისაუბრეს ლეჩხუმის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის, ტურისტული პოტენციალის განვითარების, ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების კვლევისა და დაცვის მნიშვნელობაზე.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მეცნიერს მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, გამოითქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის, რომელიც ლეჩხუმის ისტორიის, კულტურისა და ტურისტული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს.


