ტურისტული ინფო- ცენტრი

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთით, ისტორიული კუთხეების – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიას მოიცავს. მის შემადგენლობაში შედის მთიანი საქართველოს ორი პატარა ქალაქი: ლენტეხი და ცაგერი. დროის მიმდინარეობის შესაბამისად ისტორიულ კუთხეთა – ლეჩხუმის და სვანეთის ტერიტორია – იზრდებოდა ან მცირდებოდა. ლეჩხუმის დიდი ნაწილი სვანეთის შემადგენლობაში შედიოდა. მათ შორის ბუნებრივ გამყოფად  ლეჩხუმის ქედი ითვლებოდა.
გარკვეულ დროს სვანეთს, ლეჩხუმთან ერთად, მიეკუთვნებოდა კოდორის ზემო წელის ხეობები – აფხაზეთის სვანეთი, სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი, მთის რაჭა და ჩრდილო კავკასიაში მდინარეების – ყუბანისა და ბაქსანის სათავის ხეობები. ლეჩხუმი კი თანამედროვე იმერეთისა და ქვემო რაჭის გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ეს კუთხეები ტრადიციულად ერთმანეთისაგან და საქართველოს სხვა პროვინციებისაგან ბუნებრივი წყალგამყოფებით და მთაგრეხილებით ისაზღვრებოდა. საქართველოს თანამედროვე საეპარქიო დანაწილების საფუძველზე  ცაგერისა და ქვემო სვანეთის სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ნიკორწმინდის ეპარქია ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთიდან – სენაკისა და ჩხოროწყუს, ჭყონდიდის, სამხრეთიდან – ქუთაის-გაენათის და ხონი-სამტრედიის, ჩრდილოეთიდან – მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კავკასიონის ცენტრალური ქედი.
წერილობით წყაროებში სვანეთისა და ლეჩხუმის მოხსენიება ადრეული დროიდან იწყება. სვანეთი – სუსანიის – სუანიის – სუსების, სუანეთის, მისიმინეთის სახელით იყო ცნობილი. ლეჩხუმის სკვიმნიის სახელით პირველიად VI ს-ში პროკოპი კესარიელი ასახელებს. ამ კუთხეებს ბერძნულის გარდა რომაული და სომხური წერილობითი წყაროებიც იხსენიებს.
ვახტანგ გორგასლის დროს, V საუკუნეში, ეს კუთხეები მეფის საერისთავოებს წარმოადგენდა. მეფეს დასავლეთ საქართველოში ჰყოლია  „სამნაღირ ერისთავი, შიდა ეგრისისა და სუანთისა, ბაკურ ერისთავი მარგვისა და თაკუერისა“.
ადრეულ საუკუნეებში, სვანეთი კოლხეთის სამეფოს, შემდეგ კი, ეგრისის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. შუა საუკუნეების სვანეთის ერისთავები ქართველ მეფეთა ერთგულნი იყვნენ და ეს კუთხე დიდ როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XI-XV სს-ში სვანეთი ერთ მძალვრ საერისთავოდ ითვლებოდა, ხოლო ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, XV საუკუნეში ისიც რამდენიმე ნაწილად – სვანეთის სამთავროდ, ბალსზემო სვანეთად და ქვემო სვანეთად დაიყო. სვანეთს ორ ნაწილად ყოფს სვანეთის ქედი. საეკლესიო-ადმინისტრაციული ტრადიციით, სვანეთის სამთავრო, რომელიც ზემო სვანეთის დასავლეთ ნაწილს მოიცავდა, ეკუთვნოდა ცაიშელი მღვდელმთავრის სამწყსოს, ხოლო ცაგერის კათედრას დანარჩენი სვანეთი. „…არს ცაგერს ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ლეჩხუმისა და სვანეთისა“ (ვახუშტი).
ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროების უწყებით, წმინდა მოციქულებს საქართველოს ამ რეგიონშიც უქადაგიათ და პირველი ქრისტიანული თემიც დაუფუძნებიათ. აქაური მთავრის გაქრისტიანების შემდეგ, მატათა მოციქული თავის მოწაფეებთან ერთად სვანეთში დარჩა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა კი გზა განაგრძეს. ამ კუთხეებში ქრისტიანობის საყოველთაოდ დამკვიდრება, მცხეთაში, მეფე მირიანის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას უკავშირდება. ამ მხარეში უძველესი ტაძრებისა  და ლეჩხუმში „ცხეთის“ სახელობის ეკლესიის არსებობა ქართლიდან, მცხეთიდან, ქრისტიანობის ადრიდანვე გავრცელებას ადასტურებს.
ეს მხარე იმითაც არის გამორჩეული, რომ ეკლესიის დიდმა მნათობმა, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა ცხოვრების ბოლო წლები აქ, ლეჩხუმში გაატარა. VII ს. დიდი ღვთისმეტყველი მაქსიმე აღმსარებელი, ორ მოწაფესთან ერთად, ბიზანტიიდან ლაზიკაში გადმოასახლეს, მისმა ერთმა მოწაფემ – ანასტასი აპოკრისიარმა აღწერა მაქსიმეს მოღვაწეობის აღნიშნული ეპიზოდი და იესრულიმში მოღვაწე თეოდოსი განგრელს გაუგზავნა.
თეოდოსიმ ანასტასის წერილიც და თავის მიერ დაწერილი „მოსახსენიებელიც“ განავრცო სხვადასხვა ენაზე. არსებობს მისი ქართული ვერსიებიც. „ცხოვრების“ მიხედვით, წმინდა მაქსიმე ლეჩხუმში აღესრულა და აქვე არის დაკრძალული. წერილობითი წყაროების უწყებას უძველესი ხალხური გადმოცემაც ადასტურებს – წმინდა მაქსიმე აღმსარებლის უკანასკნელი განსასვენებლის მინიშნებით. ტრადიციის თანახმად, ქრისტიანობის ადრეული ხანებიდანვე ეკლესიები შენდებოდა მარტვილთა მოსახსენიებლად, თუ შესაძლებელი იყო მათ საფლავებზეც. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზეც აუშენებიათ ეკლესია და დაუფუძნებიათ მონასტერი. მაქსიმე აღმსარებლის საფლავზე აგებული ეკლესია, სვანეთ-ლეჩხუმის საზღვარზე, ცხენისწყლის ვიწრო გასასვლელში, კლდოვანი ქედის თხემზე მდებარეობს. მოგვიანებით, IX-X სს. ამ მხარეში დაფუძნებული ეპარქიის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა წმინდა მაქსიმეს საფლავზე აგებული მისივე სახელობის ეკლესია. ეპარქიის შემადგენლობაში, ლეჩხუმთან ერთად , თავიდანვე შედიოდა ქვემო სვანეთი და, შესაძლოა, ზემო სვანეთის ნაწილიც. ამ მხარეში ეპარქიის დაფუძნება ქრისტიანობის გასაძლიერებლად იყო გამიზნული. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის ძველი ეკლესიების უმეტესობა სწორედ ამ პერიოდშია აგებული (ჩუკულის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (IX-X სს.), ფაყის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (IX-X სს.), ჟახუნდერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, „ჯგრაგ“ (X ს.), ტვიბის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, „თარგზელ“ (X-XI სს.), თეკალის ღვთაების სახელობის ეკლესია (X-XI სს.) და სხვ.).
ლეჩხუმის ტერიტორიაზე უძველეს ეკლესიათა ნაკლებობა და ძირითადად მათი მოზღუდულ ციხე-კოშკებში არსებობა ამ მხარის მძიმე ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია.
ბუნებრივი ზღუდეებით ადრიდანვე გამაგრებული მთის ეს რეგიონი მტრის შემოსევისას საქართველოს ბარიდან ატანილ საეკლეისო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა. საეკლესიო განძსაცავს ლეჩხუმში ხვამლის მთა, ხოლო სვანეთში მთის მიუვალი სოფლები წარმოადგენდა. ქრონოლოგიურად ამ მხარეში მიკვლეულ უძველეს საეკლესიო წიგნად ლეჩხუმის სოფელ ლაილაშის ხანმეტური პალიმფსესტი სახელდება. ეპარქიის ეკლესია-მონასტრები არამარტო ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა, არამედ იქ არსებობდა უმნიშნველოვანესი საეკლესიო კულტურის კერები. ეს მხარე ძველი დროიდანვე ცნობილი იყო საეკლესიო ხელსაქმის სკოლებით.
ეპარქიის მღვდელმთავართაგან ცაგერელი ეპისკოპოსი პირველად ტაოში, იშხნის ჯვარზე არსებულ წარწერაში იხსენიება. XI ს-ში ცაგერელი ანტონი იშხნელი მღვდელმთავარი გამხდარა. ცაგერელთაგან ასევე ცნობილია XVII საუკუნის I ნახევრის მოღვაწენი სეარპიონ აბაშიძე და ნიკოლოზ კუჭაიძე. XVII ს-ის მეორე ნახევრიდან ცაგერის საეპისკოპოსო კათედრაზე უმეტესად ჩიქოვანთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ დადგენილნი, ისინი ცაგერლობას ჭყონდიდელობასაც უთავსებდნენ.
ცაგერის საკათედრო ტაძარი საუკუნეთა მანძილზე ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის საეპარქიო ცენტრი იყო. სვანეთის მეორე, ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ცაიშელს ექვემდებარებოდა. XIV ს-ში კი ცაგერელი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიოდა ქვემო სვანეთისა და ბალსზემო (შემდგომი ხანის თავისუფალი) სვანეთიც. XVII საუკუნისათვის კი საცაგერელოდ ითვლებოდა ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი.
ტრადიციულად, ცაგერელი ეპისკოპოსი, დასავლეთ საქართველოს სხვა ეპისკოპოსთა მსგავსად, იმერეთის კათოლიკოსს ემორჩილებოდა. ცაგერელი მღვდელმთავარი იმერეთის საეკლესიო კრებების აქტიური მონაწილე იყო.
XIX ს. 20-იან წლებამდე ცაგერელი მღვდელმთავრის ტაძარი სამიტროპოლიტო კათედრა გამხდარა. რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს შეერთების და იქაურ ეპარქიათა გაუქმების შემდეგ სამიტროპოლიტო კათედრა საარქიმანდრიტო მონასტრად გადააქციეს.
ეპარქიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დაიწყო. 1917 წლის სექტემბრის საეკლესიო კრებაზე განაახლებულ 13 ეპარქიას შორის, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიაც სახელდება. სამღვდელმთავრო სამწყსო ზემო და ქვემო სვანეთს აერთიანებდა. XX ს. 20-იან წლებში დაწყებული რეპრესიების გამო, ეპარქიის აღდგენის მიუხედავად ცაგერისა და სვანეთის ეპარქიას 70 წლის განმავლობაში საკუთარი მღვდელმთავარი თითქმის არ ჰყოლია. სამწყსოს მართვა შეთავსებით ქუთათელ-გაენათელ მწყემსმთავარს ევალებოდა. 2002 წლის 17 ოქტომბრიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთისა და მესტიისა და ზემო სვანეთის.
ცაგერისა და ქვემო სვანეთის ახლადდაარსებული ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა ახალციხის ეპარქიის ჭულევის მონასტრის წინამძღვარი არქმინადრიტი სტეფანე კალაიჯიშვილი.
მოგვიანებით ეპარქიას სახელწოდება შეეცვალა და ეწოდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია.

სიახლეები