ხელოვნება, კულტურა და სპორტი

 ხელოვნების მიმართულებით ცაგერის მუნიციპალიტეტს ამოუწურავი რესურსები გააჩნია.
სამუსიკო და სამხატვრო სკოლების აღზრდილები წარმატებებს აღწევენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებში.
ცაგერის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია კულტურის სფეროში მაღალი პოტენციალით. მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ფლაგმანი კულტურის ცენტრი აერთიანებს თეატრალურ, ფოლკლორულ და კლასიკურ მუსიკის კოლექტივებს.
აღსანიშნავია ცაგერის გრიშა მდივნის სახელობის სახალხო თეატრი, რომელსაც 120 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ცაგერის თეატრს უკავშირდება წარსულში ცნობილი მსახიობის ყოფილი სსრ კავშირის სახალხო არტისტის მიხეილ გელოვანის სახელი.
თეატრალური ცხოვრება მუნიციპალიტეტში კვლავაც გრძელდება.
ყოველწლიურად იმართება თეატრის პრემიერა და სხვადასხვა ჩვენებები. სახალხო თეატრის დასი მონაწილეობას იღებს თეატრალურ ფესტივალებში.
სახალხო თეატრის საიმედო რეზერვს წარმოადგენს ბავშვთა მიუზიკლების თეატრი, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს.
ცაგერის კულტურის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა ფოლკლორი. ცაგერის ფოლკლორული ანსამბლი ,,სალაღობო“ (ხელმძღვანელი ზაზა ყურაშვილი) არის რესპუბლიკური ფესტივალების ლაურიატი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კულტურის ცენტრთან არსებული კამერული ანსამბლი და ქალთა ანსამბლი ,,მერდინი“ (ხელმძღვანელი რუსუდან ყურაშვილი). ცაგერელი იყო ცნობილი მუსიკოსი და დირიჟორი გურამ ყურაშვილი.
მუნიციპალიტეტს გამორჩეული მიღწევები აქვს ქორეოგრაფიული მიმართულებით. ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი“ (ხელმძღვანელი ზურაბ ჩანქსელიანი) არის საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურიატი.
ანსამბლი ყოველწლიურად აწყობს ტურნეებს ევროპის ქვეყნებში და საქართველოს კულტურა გააქვს საზღვარგარეთ.
წარმატებები აქვს სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ახალ თაობას“ (ხელმძღვანელი იმედა კვირიკაშვილი),  რომელიც სისტემატიურად იღებს მონაწილეობას რესპუბლიკურ და რეგიონულ ფესტივალებში.
მუნიციპალიტეტის სპორტის სფეროში სახელოვანი ტრადიციები აქვს ფრენბურთის სახეობას, აღსანიშნავია წარსულში სახელოვანი ფრენბურთის სპორტის ოსტატების თამაზ გოლეთიანის და დათო ხაბულიანის სახელები  ტრადიციები კვლავაც გრძელდება.
ცაგერის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია.   
ბოლო პერიოდში გააქტიურდა ჭიდაობის სახეობები ძიუდო, ქართული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა. არის მიღწევები რესპუბლიკურ და საერთაშორისო არენაზე.
ცაგერის სპორტული სკოლის აღზრდილი ნიკა ქომეთიანი გახდა 2022 წლის ევროპის თასის პრიზიორი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, რაც საუკეთესო შედეგია მუნიციპალიტეტისათვის დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში.
ლეჩხუმში დიდი პოპულარობით სარგებლობს ფეხბურთი. წარმოშობით ლეჩხუმიდან არიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელები: კახი ასათიანი, ჯემალ სილაგაძე, სოსო ფრუიძე, გიორგი ნემსაძე, მალხაზ ასათიანი, ლევან სილაგაძე და სხვები. საფეხბურთო კლუბ ,,ხვამლის“ ჭაბუკთა გუნდები წარმატებით გამოდიან საქართველოს ზონალურ ტურნირებში.
მუნიციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული მასტერლიგის და მოყვარულთა ლიგის პროექტებში, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოზარდი თაობის და მთლიანად მოსახლეობის ჩართულობას სპორტის მასობრივ სახეობებში. 
მუნიციპალიტეტში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა რაგბის სახეობის განვითარებისათვის. ლეჩხუმიდან არიან წარსულში ცნობილი მორაგბეები სერგო უგრეხელიძე, ვალერი გიორგობიანი და ავთო კოპალიანი და დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წამყვანი მოთამაშე ბექა საღინაძე.
ცაგერის ,,ცეკურის“ ჭაბუკ მორაგბეთა გუნდი წარმატებებს აღწევს რეგიონულ ფესტივალებში, წარმატებული ჭაბუკ მორაგბეები კარიერას აგრძელებენ საქართველოს მოწინავე სარაგბო კლუბებში.

სიახლეები