სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030) ფარგლებში, ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, გაერთიანებული ერების განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (UNSDCF 2026-2030) ფარგლებში, ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებზე, მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც საფუძვლად დაედება გაეროს განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობასა და კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვას.
შეხვედრაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა.
დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და სოციალური დაცვის მიმართულებების გაძლიერებას, გარემოს დაცვას, ასევე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პროცესში მნიშვნელოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული თანამშრომლობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების მერები.

სიახლეები