სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ირაკლი მეგრელიძეს შეხვდა, რომელმაც მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ირაკლი მეგრელიძეს შეხვდა, რომელმაც მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ დანერგილი ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სისტემა და მობილური აპლიკაცია meteo.gov.ge წარუდგინეს.
ICT სისტემა თანამედროვე ადრეული შეტყობინების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი დანერგვა განხორციელდა პროექტის – „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სისტემა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მხარდაჭერით დანერგა.
ახალი სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების ოპერატიულ შეგროვებას, დამუშავებას, ანალიზსა და შესაბამისი გაფრთხილებების დროულ გავრცელებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას, ისე მოსახლეობის დროულ ინფორმირებას.
შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ICT სისტემის შესაძლებლობების გაცნობა იყო, რაც მომავალში ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და ადრეული შეტყობინების სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები


