ა(ა) იპ ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია

მის: ცაგერი, აღმაშენებლის ქ. N 72

ელ. ფოსტა: tsageri.gimnazia@gmail.com

ვებ გვერდი: cagimnazia.edu.ge

დირექტორი: მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)

მოსწავლეთა რაოდენობა: 85

მასწავლებელთა რაოდენობა:25

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში სასულიერო საგანმანათლებლო კერის დაარსების მოთხოვნილება ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლების პირველივე დღეებიდან გაჩნდა, მაგრამ მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური სიძნელის გამო ეს კონკრეტული იდეა დიდხანს ვერ განხორციელდა.


ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობის თხოვნით, გადაწყდა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ლოცვა - კურთხევით დაარსებულიყო ორი გიმნაზია - ერთი ცაგერში, მეორე - ლენტეხში. გიმნაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო მრავალი იურიდიული საკითხის მოგვარება, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა, ამიტომ პრობლემების შესამცირებლად გადაწყდა, რომ გიმნაზიები ჩამოყალიბებულიყო თბილისში მოქმედი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის ფილიალებად.
რადგან ეპარქიის მრევლში გიმნაზიის ფუნქციონირების სურვილი ძალიან დიდი იყო, მიუხედავად პრობლემებისა, გიმნაზიისთვის მოიძებნა ყოფილი პროფსასწავლებელის შენობა. შეირჩა პედაგოგები და 2003 წლის სექტემბრიდან სასწავლო პროცესი დაიწყო. გიმნაზიების დაარსებიდანვე მისი დირექტორია ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი).

რადგან საქართველოში იმ პერიოდში არ არსებობდა კანონი საპატრიარქო სკოლების სტატუსის შესახებ, ცაგერის გიმნაზია თავიდან დარეგისტრირდა, როგორც შპს, თუმცა რა თქმა უნდა, გიმნაზია არავითარ კერძო ბიზნეს საქმიანობას არ ეწეოდა. შემდგომში მიღებული ახალი კანონმდებლობით შპს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, ვერ იქნებოდა სახელმწიფო შენობაში და რადგანაც საგანმანათლებლო შენობები სახელმწიფოს ეკუთვნოდა, შეიქმნა პრობლემა თუ სად უნდა გაეგრძელებინა სასწავლო პროცესი გიმნაზიას. დიდი ძალისხმევის შედეგად გიმნაზიას დროებით სარგებლობაში გადაეცა ყოფილი ვეტლაბორატორიის გაპარტახებული შენობა, სადაც, აგრეთვე, რამდენიმე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.
შენობას პირველ ეტაპზე ჩაუტარდა აუცილებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომ შექმნილიყო სწავლისათვის საჭირო ელემენტარული პირობები.
2008 წელს ახალი კანონის მიღების შემდეგ, რითაც შესაძლებელი გახდა არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაცია, გიმნაზიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმატებით გაიარა ლიცენზირება, რის შემდეგაც დაიწყო გიმნაზიის განვითარების მეორე ეტაპი.

გიმნაზიაში არსებული სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის დაიწყო თანამედროვე სპორტულ-საკონცერტო დარბაზის მშენებლობა. 2009 წელს გიმნაზიის შენობაში დამონტაჟდა გათბობის თანამედროვე სისტემა, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა გიმნაზიაში სწავლების პირობები.
მოთხოვნილებამ, დისციპლინამ და სწავლის მაღალმა ხარისხმა გიმნაზია მალე გადააქცია ლეჩხუმის ერთ-ერთ წამყვან სასწავლო დაწესებულებად. გაიზარდა გიმნაზიაში სწავლის მსურველთა რიცხვი, რამაც გიმნაზიას საშუალება მისცა სწავლის მსურველთათვის დაეწესებინა მინიმალური ცოდნის ზღვარი, რისი დაძლევის გარეშე მსურველი ვერ ისწავლის გიმნაზიაში.


მოსწავლეთა გაზრდილი კონტიგენტის გამო 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყო ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში 2011 წლის სექტემბერში შევიდა.
გიმნაზიას აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპიუტერული კაბინეტი, სადაც დამონტაჟებულია სწრაფი ინტერნეტი, რაც მოსწავლეებს და პედაგოგებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ წამყვან სასწავლო ცენტრების მონაცემთა ბაზებს და გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია სასწავლო პროცესში.
გიმნაზიის კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება.


ამჟამად გიმნაზიაში სწავლობს 85 მოსწავლე. 2009-2010 და 2010-2011 .. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობის შედეგად გიმნაზია 2-ჯერ დაჯილდოვდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი თანხით
გიმნაზია აქტიურად მონაწილეობს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. 2010-2011 წელს ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიასგიმნაზიის გუნდმა 1-ლი ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, სხვადასხვა წელს გიმნაზიის გუნდები ხშირად გადიოდნენ კონკურსის ფინალში.


გიმნაზია 2011 წლიდან მონაწილეობს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის მიერ გამართულ საგნობრივ ოლიმპიადაში, სადაც გიმნაზიის მოსწავლეებმა არაერთხელ მოიპოვეს სპეციალური პრიზები და სიგელები.
გიმნაზიის მოსწავლეები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონფერენციებში.

 


წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში მოქმედებს კლასიკური მუსიკისა და ხალხური სიმღერების ანსამბლი.