სსიპ- ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ აღვის საჯარო სკოლა

     სოფელ აღვში პირველი საკვირაო სკოლა დაარსდა ჩაიდერის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან, პირველი მასწავლებელი ყოფილა ამავე ეკლესიის მღვდელი მაქსიმე თაგვაძე, სკოლა ემსახურებოდა მოზარდებსაც და უფროსებსაც, ასწავლიდა წერა-კითხვასა და საღვთო წერილს. მისი გახსნის თარიღი არ დასტურდება. მოგვიანებით დაწყებითი, ჯერ 2- კლასიანი და შემდეგ 4- კლასიანი სკოლები ფუნქციონირებდა კენაშსა და  ზედა აღვში.

    1927 წელს გახსნილა ქვედა აღვში 7 - წლიანი სკოლა, რომელიც მოგვიანებით 8 - წლიან სკოლად გადაკეთებულა და ეს სტატუსი მან დიდხანს შეინარჩუნა.

    ბუნებრივია, მცირე იყო სოფელში განათლებული ადამიანი, ამიტომ სკოლას სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ მოწვეული დირექტორები: იონა ჩოგოგიძე (ბაღდადიდან), ღვირიშელი გერონტი გიორგობიანი, ზოგიშელი აკაკი გოქაძე და სხვები. დიდხანს ემსახურებოდა რუსული ენის მასწავლებელი მექი ასათიანი - პოეტ ლადო ასათიანის მამა.

    40 - იანი წლებიდან შეივსო სკოლა ადგილობრივი კადრებით, სხვადასხვა წლებში სკოლის  დირექტორად მუშაობდნენ: შიო ახვლედიანი, ალექსანდრე ჩხეტიანი, კარლო ასლანიკაშვილი, არსენ ხეცურიანი, ბორის მიქაძე, მაია მიქაძე.

   ჩვენს სკოლაში აღიზარდნენ ადამიანები, რომლებმაც თავინთი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებაში: გალაკტიონ კონსტანტინეს ძე ახვლედიანი - გამომგონებელი, რომელმაც შექმნა თამბაქოს სახმობი და ჩაის საკრეფი მანქანა, მთელმა სოფელმა დიდი სიყვარულით გადაუხადა მას 1972 წელს 60  წლის იუბილე. სკოლას ჰყავდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მასწავლებელი ეთერ  ყურაშვილი, მისი ძალისხმევით აშენდა ,,სარეწკელას“ ხიდი მდ. ცხენისწყალზე, ხიდი, რომელმაც რამდენიმე სოფელი დააკავშირა რაიონულ ცენტრსა და ქალაქ ქუთაისს.  როზალიუს ჩხეიძე - მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, პიმენ ყურაშვილი - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გიორგი ყურაშვილი - გენერალ-მაიორი.

     1977 წელს აშენდა სკოლის ის შენობა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს 9 - წლიანი საჯარო სკოლის სტატუსით.

   სკოლას ჰქონდა სასწავლო საცდელი მიწის ნაკვეთი, სადაც გაშენებული იყო ბაღი, ვენახი, ბოსტანი, სანერგე მეურნეობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიოლოგი ჯიბილო მიქაძე, გამოჰყავდა  ვაშლისა და სხვა ხეხილის ნერგები. მოსწავლეთა ძალებით მან გააშენა საკმაოდ დიდი  ბაღი - „ შინმოუსვლელთა  ბაღი“, მეორე მსოფლიო ომში  დაღუპულთა პატივსაცემად. სკოლას ჰქონდა კარგად მოწყობილი ფიზიკის კაბინეტი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რაიონულ  სპორტულ შეჯიბრებებში, მოსწავლეთა  თვითშემოქმედებით კონფერენციებში, ჯილდოვდებოდა მედლებით, თასებით, დიპლომებითა  და სიგელებით.

     სკოლას  ამჟამად  აქვს საკმაოდ კარგი სასწავლო -ტექნიკური ბაზა. 2006 წელს მოიპოვა გრანტი. შეიქმნა თანამედროვე  დონეზე  აღჭურვილი  ისტორიის კაბინეტი. აქვს კომპიუტერული  ლაბორატორია, მხატვრული  ლიტერატურითა  და  სამეცნიერო  ენციკლოპედიებით მდიდარი ბიბლიოთეკა.