სიახლეები

ლეჩხუმელი ჯარისკაცის საფლავი 74 წლის შემდეგ უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირში იპოვეს – რას ჰყვება გარდაცვლილის ერთადერთი მემკვიდრე

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილებოდა ქართველი ჯარისკაცის ამბავი, რომლის საფლავსაც უკრაინაში, ქალაქ ჟიტომირში მიაგნეს. გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, ლეჩხუმელი სერაფიონ მაქსიმეს ძე ფრუიძის საფლავი 74 წლის განმავლობაში შთამომავლებისთვის უცნობი იყო.
“რეგიონულმა კვირამ” ამ ისტორიის დეტალები გაარკვია, მიაკვლია მის ერთადერთ მემკვიდრეს, დის შვილიშვილს – ნანა ხეცურიანს და ბაბუის შესახებ ესაუბრა. 
სერაფიონ ფრუიძე 1920 წელს, ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში დაიბადა. როგორც ნინო ხეცურიანი “რეგიონულ კვირას” უყვება, მშრომელი და სამშობლოზე შეყვარებული ჭაბუკი 1939 წელს, 19 წლის, ჯარში გაიწვიეს. 1941 წელს ფაშიზმთან მებრძოლთა რიგებს შეუერთდა. ოჯახში ახლადმოყვანილი მეუღლე და მოხუცი მამა დარჩა, რომლებმაც ამავე წელს მიიღეს შემზარავი ამბავი სერაფიონის გმირულად დაღუპვის შესახებ.
სერაფიონის მამაც მალე გარდაიცვალა და დარჩა ახალგაზრდა გოგონა იმ იმედით, რომ ოდესმე, ქმრის საფლავს იპოვიდა. შვილი არ დარჩენია, დაქვრივებულმა
ქმრის დისშვილი იშვილა. ახალი სახლიც აუშენეს, მაგრამ სერაფიონის დროინდელი ფიცრის სახლი დღესაც ხელუხლებელი დგას.
მეუღლეს არ შეუწყვეტია თურმე ჯარისკაცის საფლავის ძებნა, ღრმა ასაკში შესულიც კი გზავნიდა წერილებს სხვადასხვა ინსტანციაში – არ უნდოდა ამ ქვეყნიდან ისე წასულიყო, რომ სერაფიონი საქართველოში არ გადმოესვენებინა. ბოლო ასეთი წერილი 1981 წელს გაუგზავნია ვეტერანთა კავშირში, მაგრამ ისე გარდაიცვალა, ქმრის განსასვენებელი ადგილი ვერ გაიგო.
ნანა ხეცურიანი “რეგიონულ კვირასთან” იმასაც ყვება, რომ ვეტერანთა კავშირიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ უკრაინიდან, კერძოდ ჟიტომირიდან, მასთან სატელეფონო საუბარი სურდა ალექსანდრ სტინკოს, რომელსაც ქუთაისელი მეუღლე ჰყავს. სტინკოს უთქვამს, რომ დაკარგული ბაბუის ნეშტი, პირადი ნივთები, დოკუმენტები, ფოტოები იპოვეს.
,,უდიდესი სიხარული იყო, უცებ ვერც გავიაზრე. მეგონა, ცოცხალი დაგვიბრუნდა ჩვენი უგზოუკვლოდ დაკარგული წინაპარი. ვინ არ მირეკავდა, ნაცნობები, უცნობები, ფრუიძეთა საგვარეულო კავშირი – ყველანი ჩართულები ვართ. გვინდა, მისი ნეშტი მშობლიურ კუთხეში გადმოვასვენოთ, პატივითა და ღირსებით დავკრძალოთ ლეჩხუმელი სახელოვანი ჯარისკაცი, რომელიც განგების ძალით 7 ათეული წლის შემდეგ, ასე უცნაურად „ცდილობს“ წინაპართა საძველეს შემოუერთდეს“, – ამბობს ნანა ხეცურიანი.
“რეგიონული კვირას” ინფორმაციით, უკრაინული მხარე მზადაა სრულად დაფაროს გადმოსვენების ხარჯები. ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში კი ამბობენ, რომ ყველა შესაბამისი სტრუქტურა ჩართულია გადმოსვენების პროცესში.
,,ჩვენ დავუკავშირდით ფრუიძის მემკვიდრეებს, დის შვილისშვილს ნანა ხეცურიანს, რომელმაც გვითხრა, რომ დიდი სურვილი აქვს ცხედრის გადმოსვენების. ჩვენ ვართ მუშა პროცესში – ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვეტერანთა დეპარტამენტი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნია, ვმუშაობთ და შედეგებზე დამატებით გაცნობებთ”, – ამბობს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სამსონ ბრეგვაძე.

სიახლეები