სიახლეები
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები განიხილეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე
სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია 968.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტები, მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ასევე, 2021 წლის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში, რომელთა შესახებ მთავარი მომხსენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1801 დასახლებას, რაც საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 49%-ია. აპრილის მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 ათასი ადამიანი; 497 საწარმო. ბოლო 6 წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლებების მხარდასაჭერად მიიმართა დაახლოებით 1.16 მილიარდი ლარი; აქედან, დაახლოებით 402.7 მლნ. ლარი დაიხარჯა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე, რომელიც ითვალისწინებს დანამატებს, პენსიაზე, სოციალურ შემწეობებზე, ექიმების, ექთნების, მასწავლებლების ხელფასებზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებზე და სხვა არაერთი მიმართულებით, ასევე - მოხმარებული ენერგიის თანადაფინანსებას 50%-ის ოდენობით.
საბჭომ განიხილა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის თანხები განაწილდება. გეგმის მიხედვით, 2022 წელს 20 მლნ ლარია გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისათვის, ხოლო დაახლოებით 5 მლნ ლარი გამოიყოფა მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა.


