სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNHCR-ის წარმომადგენლებმა მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNHCR-ის წარმომადგენლებმა კამპანია ,,კარდაკარ"-ის ფარგლებში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
აღნიშნული კამპანიის მიზანია მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების იდენტიფიცირება და მათი უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციის ხელშეწყობა.
კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების დახმარებით იდენტიფიცირებული იქნებიან ამ ორგანოთა სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები უდოკუმენტო, მოქალაქეობის არმქონე ან მოქალაქეობის არმქონეობის რისკის ქვეშ მყოფი პირები. სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პირებთან კომუნიკაციას, შესაბამის სერვისზე დოკუმენტებისა და ბიომეტრიული მონაცემების ადგილზე მიღებას და ამ პირთა დოკუმენტირებას. კამპანიის ფარგლებში ადამიანების დოკუმენტირება მოხდება უფასოდ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირების რაოდენობა მცირეა, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქე იყოს რეგისტრირებული და ფლობდეს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რათა გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით და ყველა სახელმწიფო სერვისით.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, კამპანიის შედეგად გამოვლენილი უდოკუმენტო პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს უფასოდ მიიღებენ.


