სიახლეები
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სოფლის ექიმებთან შეხვედრებს მართავს
ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სოფლის ექიმებთან შეხვედრებს მართავს.
ჰოლდინგის დირექტორი ჯაბა სირბილაძე და სოფლის ექიმის პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს ამბროლაურში შეხვდნენ.
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანი სოფლად პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მართავს.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სტუმრებს სამხარეო ადმინისტრაციაშიც უმასპინძლა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობასა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, პირველადი და გადაუდებელი ჯანდაცვის გაძლიერებას, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის სამედიცინო საჭიროებებს.
ამბროლაური ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც უახლოეს მომავალში დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება. ამ სერვისით ადგილობრივ მოსახლეობას “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის” რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ადგილობრივი კლინიკა უზრუნველყოფს.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“, რომელსაც საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი მართავს, 8 რეგიონში 18 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს.


