სიახლეები

ქალაქ ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, ქალაქ ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება.
დღეს ცაგერის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დამსახურებული პედაგოგის, ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილე აღინიშნა, სადაც გაჟღერდა გადაწყვეტილება ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ქუჩისთვის, ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელობის მინიჭების თაობაზე.
ქალბატონი ლალი პროფესიონალიზმით, გამორჩეული ადამიანური თვისებებით, ნოვატორული იდეებით ადრეულ ასაკში, მალევე გახდა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეების უსაყვარლესი მასწავლებელი.
ქალბატონმა ლალიმ დიდი პატივისცემა დაიმსახურა კოლეგებისგან, ლეჩხუმის საზოგადოებისგან, რომელსაც არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდა და წარუშლელი კვალი დატოვა ცაგერის საჯარო სკოლისა და ლეჩხუმის ისტორიაში.
პედაგოგის სახელის უკვდავსაყოფად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს ერთობლივი გადაწყვეტილებით ქალაქ ცაგერის ერთ-ერთ ქუჩას, ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება.
ლალი ჩიქოვანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელსაც ასევე ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი იზოლდა ხვადაგიანი უძღვებოდა, ესწრებოდნენ პედაგოგის ოჯახის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, მათი ვაჟები-ლევანი და ლექსო, ამავე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ექიმი მერაბ ხვადაგიანი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ცაგერის საჯარო სკოლის პედაგოგები.
ბატონმა კარლო კოპალიანმა გააჟღერა ოჯახის ინიციატივა, ყოველწლიურად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აბიტურიენტს, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებს დაუწესდევლბა ქალბატონი ლალი ჩიქოვანის სახელობის სტიპენდია 1000 ლარის ოდენობით.
ქალბატონი ლალი ჩიქოვანის ნათესავებისგან, ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლას გადაეცა ,,ბიბლუსის" 1000 ლარიანი ვაუჩერი, სასურველი ლიტერატურის შესაძენად.
ასევე, სკოლის დირექტორის, დავით ცვარიანის გადაწყვეტილებით, სკოლაში მოეწყობა ლალი ჩიქოვანის სახელობის კაბინეტი, სადაც განთავსდება სხვადასხვა ლიტერატურა და ჩატარდება აქტივობები.

სიახლეები