სიახლეები
საუკეთესო პროექტები დაფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის გრანტიდან
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობის ხელშეწყობა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
ამ მიზნის მისაღწევად, დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, კახეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება მუნიციპალიტეტებში მომსახურების მიწოდების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
საპროექტო წინადადებები უნდა მომზადდეს რომელიმე ქვემოჩამოთვლილ თემატიკაზე: ა)ურბანული განახლება საჯარო სივრცეების განვითარების მეშვეობით; ბ)კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების გამოყენება ადგილობრივი განვითარებისთვის; გ) სკოლამდელი განათლების სისტემის გაძლიერება.
საუკეთესო პროექტები დაფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის გრანტიდან.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად ქალაქ ცაგერში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, უძღვებოდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა.
მუნიციპალიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.


