სიახლეები
სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და დოქტორანტების მიერ წარდგენილმა პროექტმა „ლეჩხუმი: შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა“.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და დოქტორანტების მიერ წარდგენილმა პროექტმა „ლეჩხუმი: შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა“.
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები არიან: ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა სხირტლაძე, ასოცირებული პროფესორი ნათელა ჯაბუა; დოქტორანტები, ჯულია ბენიძე და თამარ ლეთოდიანი. ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინო შიოლაშვილი.
პროექტის მიზანია ლეჩხუმის შუა საუკუნეების საეკლესიო და საფორტიფიკაციო ნაგებობების, სიძველეთსაცავებში (არქივები, მუზეუმები) დაცული სიძველეების (ხატები, ჯვრები, ხელნაწერები და ა.შ.) შესწავლა და მაქსიმალური სისრულით წარმოჩენა, რომელთა სისტემური სამეცნიერო კვლევა ჯერ არ განხორციელებულა.
პროექტი სამ წლიანია და ითვალისწინებს საარქივო - სამუზეუმო სივრცეებში მოძიებული ინფორმაციის დამუშავებას და ძეგლების ადგილზე შესწავლას, რისთვისაც განსაზღვრულია ექსპედიციები ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მიმდინარე წელს, 23 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ექსპედიცია აწარმოებს საველე სამუშაოებს ლეჩხუმის შუა საუკუნეების ეკლესიებსა და ციხეებზე. პროექტის ტექნიკური მხარდაჭერია ცაგერის მერია. ის სამუშაო ჯგუფის ქმედით დახმარებას უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებით ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
ჯგუფის წევრები და პროექტის-„ლეჩხუმი: შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა“, ავტორები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ნემსაძეს და მერის მოადგილეს რევაზ ახვლედიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს ამ ეტაპზე ჩატარებულ კვლევებზე, ექსპედიციის შედეგებსა და მომავალ თანამშრომლობაზე.


