სიახლეები
ქალაქ ცაგერში ქუჩას ლალი ჩიქოვანის სახელი მიენიჭება
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის მერის ინიცირებით შემოვიდა წერილი- № 80-802229429, სადაც საუბარია ქალაქ ცაგერში თავისუფლების ქუჩის გადამკვეთ თამარ მეფის ქუჩის ნაწილს აწ გარდაცვლილი ლალი ჩიქოვანის სახელის მინიჭების შესახებ.
ქალბატონი ლალი ჩიქოვანი იყო წარმატებული პედაგოგი, პედაგოგიური მოღვაწეობისათვის არაერთი რესპუბლიკური რეგალიებისა და ჯილდოების მფლობელი. განსაკუთრებით დიდი სიყვარულით სარგებლობდა მოსწავლეებში და ახალგაზრდობაში. თავისი სიცოცხლის პერიოდში განახორციელა არაერთი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა ლეჩხუმის ცნობადობას, მის წარმოჩენას არაერთ რესპუბლიკურ ღონისძიებაზე. ლალი ჩიქოვანი, როგორც ცაგერის საჯარო (საშუალო) სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მთელს რაიონში სარგებლობდა განსაკუთრებული ავტორიტეტით. ასეთი ღვაწლმოსილი ადამიანის ამაგის დაფასება და აღიარება გარკვეული წამახალისებელი ღონისძიება იქნება სხვებისათვის, რომ იცხოვრონ იმ მრწამსითა და პრინციპებით, როგორითაც ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ქალბატონი ლალი ჩიქოვანი.
საკითხს შეისწავლის და საჯარო განხილვის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციას გამართავს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე, საჯარო განხილვის მიზნით.
მისამართი: ქალაქი ცაგერი, რუსთაველის N 65.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.


