სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში
ჩემო საყვარელო ლეჩხუმელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობის, ჯანმრთელობის და ერთიანობის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2023 წელი!
გთავაზობთ ცაგრის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშს:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ,,სოფლი მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში და ხვდებოდა სოფლის ადგილობრივ მოსახლეობას.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, განხორციელებულ სამუშაოებზე კი ატარებდა ინტენსიურ მონიტორინგს. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის, ,,განახლებული რეგიონის“ ფარგლებში, ქალაქ ცაგერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობას უძღვებოდა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, სოფელ ლასურიაშში გაიხსნა საკვირაო სკოლა, რომელიც შაბათ-კვირას განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს ემსახურება.
წლის განმავლობაში, ორგანიზებას უწევდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სასკოლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულების, საკონკურსო თუ სპორტოლი ღონისძიებების მოწყობას, კონკურსებსა და სპორტულ ასპარეზობაში გამოვლენილ გამარჯვებულთა დაჯილდოებას პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით.
საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიასთან ერთად მოკრძალებული ნობათით ასაჩუქრებდა უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს, სიმბოლური საჩუქრებით - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონებს, მათ შორის მრავალშვილიან დედებს.
საკრებულოს ძალისხმევითვე დასაჩუქრდა სოფლის რამდენიმე საბავშვო ბაღი, რამაც ძალზე გაახარა პატარები, ეს იყო კეთლი აქცია, რომელიც კვლავ გაგრძელდება.
საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტში მოეწყო რამდენიმე სამედიცინო აქცია, სადაც პროფესიონალ მედიკოსთა გუნდმა ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქალბატონი ქრისტინე კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი მარიკა კოპალიანი გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აწარმოებდნენ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან. მათ უამრავ ადამიანს გაუწიეს მორალური და მატერიალური დახმარება. აქტიური მონაწილეობა მიიღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიაში, რომელშიც პრიორიტეტად გამოიკვეთა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თანადგომა, ქალთა და ბავშვთა მოვლის სერვისის ხელშეწყობა და განვითარება.
ოქტომბერში ვიზეიმეთ ,,ლეჩხუმობა-2022,“ რომელიც საკრებულოსა და მერიის ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიება ლადო ასათიანის 105 წლისთავს მიეძღვნა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო მადლობას უხდის მაჟორიტარ დეპუტატს - გოჩა ენუქიძეს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს ქრისტინე კობახიძეს, ლევან ზალკანიანს ნდობისა და თანადგომისთვის, თქვენი მხარდაჭერით კიდევ ბევრ კეთილ საქმეს ჩავუყრით საფუძველს, საქმეს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არა მხოლოდ უკეთესი ხვალინდელი დღის არსებობის იმედს ჩაუსახავს, არამედ აქტიურ, საინტერესო და პერსპექტიულ დღევანდელობას შეუქმნის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
პატივისცემით,
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.


