სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო შედგა.

ცაგერის კულტურის ცენტრში ლადო ასათიანის გარდაცვალებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო შედგა.
წარმოდგენილი იქნა ახალი დოკუმენტური ფილმის ,, ლადო ასათიანი” პრემიერა, რომელიც შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა -კურთხევით, სტუდიაში ,,სამთავროს ველი”.
ფილმის იდეის ავტორია მცხეთის წმინდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), სცენარის ავტორი - ნინო ხოფერია, რეჟისორი - ზვიად მიქელაძე
მხატვარი - ილო პატაშური.
ღონისძიება ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა მთვარისა ახვლედიანმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა ლადო ასათიანის შემოქმედებისა და ახალ დოკუმენტურ ფილმზე.
შემდეგ ლადოს ლექსით სტუმრებს მიესალმა ბარდნალის სკოლის კურსდამთავრებული
ბესარიონ ჩანქსელიანი.
ძალიან ვრცელმა და საინტერესო დოკუმენტურმა ფილმმა ლეჩხუმის საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ლადო ხომ ლეჩხუმის დიდი სიყვარული და სევდაა, მარადჭაბუკი დაუვიწყარი პოეტი.
ფილმის ნახვის შემდეგ აზრი გამოთქვეს და შთაბეჭდილება გაგვიზიარეს პედაგოგმა, მეცნიერმა დავით კოპალიანმა, ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა.
მხატვარმა ილო პატაშურმა ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს საჩუქრად გადასცა პოეტის ახლადშექმნილი პორტრეტი.
ფილმის დასრულების შემდეგ ბარდნალის, ცაგერის, ქვედა ცაგერის,
ნასპერის საჯარო სკოლების, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლეჩხუმი" კონცერტით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
საღამოს უძღვებოდს ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი, მხატვარი, მცხეთის წმინდა ნინოს სახელობის სამთავროს დედათა მონასტრის დედები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა,
საქართველოს თავად-აზნაურთა საზოგადოების წარმომადგენლები, მათი თავკაცი, ბატონი მალხაზ ამაშუკელი.
ღონისძიების მხარდამჭერები გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა.

სიახლეები