სიახლეები

1 სექტემბერს, სოფელ ლაილაშში 1924 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

1 სექტემბერს, სოფელ ლაილაშში, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით , რესურს-ცენტრის და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით , 1924 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
28 აგვისტოს 100 წელი შესრულდა 1924 წლის აჯანყებიდან , რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. მასში მონაწილეობა მიიღო ყველა ფენის წარმომადგენელმა ქართველობამ მთელი ქვეყნიდან.
აჯანყებას საქართველოს ეროვნული გმირი ქაიხოსრო( ქაქუცა) ჩოლოყაშვილი მეთაურობდა.
აჯანყება რამდენიმე დღეში დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი და განახორციელა საშინელი რეპრესიები.
ლეჩხუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, აჯანყებამ მასშტაბური სახე მიიღო . რეჟიმთან ბრძოლას 40 -მდე ლეჩხუმელი მამულიშვილი ემსხვერპლა.
ბოლშევიკებმა ერთ დღეს, 1 სექტემბერს, გასამართლების გარეშე დახვრიტეს 37 ლეჩხუმელი ერის კაცი ლაილაშის ებრაულ სასაფლაოზე და რიონის ხეობაში ნიკორძირთან.
დილიდან მახაშის ეკლესიაში მამა გიორგიმ( მდივანი) დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა
აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეებმა წარმოადგინეს ფოტოები, დოკუმენტური მასალა და ისტორიები აჯანყებულთა და მათი ოჯახის წევრების რეპრესიების შესახებ.
ღონისძიებაში ჩაერთო ლაჯანის საშუალო სკოლა და ლაილაშის საშუალო სკოლა საინტერესო ისტორიული მიმოხილვით 1924 წლის აჯანყების შესახებ.
ცაგერის კულტურის ცენტრის მომღერლებმა შეასრულეს 1924 წლის აჯანყების გმირის , პოეტის მიხა ხელაშვილის და ქართული ემიგრაციის სიმღერები.
საპატიო დერეფამში ეროვნული დროშებით ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები იმყოფებოდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ცაგერის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე მაგდა ყურაშვილი, აჯანყების მონაწილეთა ოჯახის წევრები და სხვები.

სიახლეები