სიახლეები

ცაგერის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ლეგენდარული სპორტსმენის, დათო ხაბულიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში

ცაგერის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა ლეგენდარული სპორტსმენის, დათო ხაბულიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში.
დათო ხაბულიანი გახლავთ სოფელ წიფერჩიდან-საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი საქართველოს ნაკრების წევრი, სპორტის ოსტატი, გასული საუკუნის 60-70 წლებში, მაშინდელი საკავშირო მასშტაბით მოასპარეზე თბილისის ,,ბურევესტნიკის" წამყვანი მოთამაშე და შემდგომში გუნდის მთავარი მწვრთნელი, სპორტის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი.
აღნიშნული ტურნირი მოეწყო წარსულში ცნობილი ფრენბურთელის, ღვაწლმოსილი ლეჩხუმელის კიტე(რეზო) ჩარკვიანის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ცნობილი ბიზნესმენის სერგო ხაბულიანის ინიციატივით და დახმარებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბის აქტიური ჩართულობით.
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს ცაგერის, წიფერჩის, ლასურიაშის და ზუბის კვალიფიციურმა გუნდებმა.
ოლიმპიური სისტემით ჩატარებულ დაძაბულ, საინტერესო შეჯიბრებაში ასეთი შედეგები დაფიქსირდა: პირველი ადგილი -ლასურიაში, მეორე ადგილი- ცაგერი, ხოლო მესამე ადგილი - წიფერჩი.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ გარდამავალი თასი, მედლები, სხვადასხვა პრიზები და შესაბამისი ხარისხის დიპლომები.
ვეტერანმა ფრენბურთელმა თენგიზ საღინაძემ დათო ხაბულიანს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და დაბადების 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,ფრენბურთის კლუბის" დირექტორი გია სილაგაძე დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტის საპატიო სიგელით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველი მოადგილე- რეზო ხეცურიანი, ვეტერანი ფრენბურთელები და მუნიციპალიტეტის საზოგადოება.
დათო ხაბულიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში ტრადიციული გახდება.

სიახლეები