სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტების განსახორციელებლად 24 მილიონამდე ლარს გამოყოფს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რაჭაში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების წინასწარი პრეზენტაცია წარადგინა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მომავალი წლისთვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის პროექტებს განახორციელებს, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი. აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სკოლებს, საბავშვო ბაღებსა და ამბულატორიებს, კეთილმოეწყობა გზები, გაუმჯობესდება წყალმომარაგება, მოეწყობა კულტურული, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურა. დაფინანსების არსებულ ფონდებს ორი ახალი წყარო – “ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობის პროგრამა“ და “წყლის ხარისხის გაუმჯობესების პროგრამა“ დაემატა.
“ამჯერად, შეხვედრა გვაქვს ამბროლაურში, სადაც 2020 წლის გეგმების განხილვა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ წლიდან წლამდე დინამიურად იზრდება ის თანხები, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან ინვესტირდება რეგიონებში და რომელსაც თავად რეგიონები გამოიყენებენ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: გზების, წყალმომარაგების, ბაღების, სკოლების, სკვერების, კულტურული თუ ტურისტული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმს და ქვემო სვანეთს 2019 წელს ეს თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 20 მილიონ ლარს, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო ინვესტირებული, 2020 წელს ვგეგმავთ რომ ეს იყოს, დაახლოებით, 24 მილიონი ლარი“, -აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.
ბეგიაშვილის თქმით, თითოეული ის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებში გარკვეულ ეტაპებს გადის და იწყება მოსახლეობასთან შეხვედრებით და მათი საჭიროებების მოსმენითა და გათვალისწინებით.

სიახლეები