სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის შესამუშავებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან ის კონკრეტული ხედვები და მიმართულებები მოისმინა, რომლის ბაზაზეც მათი მხრიდან მიმდინარეობს დოკუმენტის მომზადება.
შეხვედრაზე პაპუნა მარგველიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში უმნიშვნელოვანესია გათვალისწინებული იყოს მხარის პოტენციალი, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჰიდრორესურსების მიმართულებით და ამ მხრივ არსებული რესურსების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა. აგრეთვე ყურადღება გაამახვილა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზეც, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვას და ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს, რაც უზრუნველყოფს რეგიონის გრძელვადიან მდგრად განვითარებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ხაზს უსვამს სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც და განიხილავს ამ პრობლემებს მუნიციპალიტეტების მთავარ გამოწვევად. გადაჭრის გზებად კი დასახულია ამ მხრივ განსახორციელებელი კონკრეტული მუნიციპალური პროგრამები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონის საბაზო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზეც, რომელიც პრიორიტეტად პირველი ოთხი წლის მანძილზე განისაზღვრება.
სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დოკუმენტის მომზადების პროცესში სამხარეო ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი და ალუდა თუთისანი.


