სიახლეები

ცაგერში „მაქსიმობა“ გაიმართა

26 აგვისტოს, ლეჩხუმში, ქალაქ ცაგერში მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღესასწაული „მაქსიმობა გაიმართა.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში წირვა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა. წირვას ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე საბა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა და სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული მრევლი ესწრებოდა.
წირვის დასრულების შემდეგ საკათედრო ტაძრიდან მაქსიმე აღმსარებლის საფლავამდე ლიტანიობა გაიმართა, სადაც მონასტრის ეზოში წმინდანის ხსენებისადმი მიძღვნილი პარაკლისი ჩატარდა. “მაქსიმობა“ სადღესასწაულო ტრაპეზითა და კულტურული ღონისძიებებით დასრულდა.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი 580 წელს კონსტანტინეპოლში კეთილშობილ ქრიატიანთა ოჯახში დაიბადა. მან მრავალმხრივი განათლება ფილოსოფიის, გრამატიკის, რიტორიკისა და ღვთისმეტყველების მიმართულებით მიიღო. წმინდა მამა თავისი განსწავლულობის წყალობით იმპერატორ ჰერაკლეს (611-614)პირველი მდივანი გახდა, მაგრამ მას სამეფო კარის ცხოვრება ძალიან ამძიმებდა, ამიტომ მალევე დატოვა თანამდებობა და ქრისოპოლიის სავანეში ბერად აღიკვეცა, სადაც მალე მონასტრის წინამძღვარი გახდა.
633 წელს წმინდა მამა იერუსალიმელი პატრიარქის, სოფრონის თხოვნით ალექსანდრიაში გაემგზავრა. მას თავისი ჭეშმარიტი რწმენისა და პირდაპირობის გამო უამრავი დაბრკოლება ხვდებოდა. კონსტანს მესამემ ბრძანა ღირსი მამა შეეპყროთ და მას სამშობლოს ღალატში ბრალი დასდეს. საპყრობილეში ჩააგდეს, 656 წელს თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ უკან, კონსტანტინეპოლში დააბრუნეს, სადაც თავის ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს-სამივეს ენა ამოჭრეს, მარჟვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში(ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის) მიმართულებით გადაასახლეს. გადასახლების ადგილას ნამდვილი სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერი უნარი აღუდგათ. მაქსიმე აღმსარებელმა თავისი აღსასრული იწინასწარმეტყველა და 662 წლის 13 აგვისტოს(ძვ.სტილით) მშვიდობით მიიცვალა. მის საფლავზე ღამღამობით 3 ლამპარი ინთებოდა და მრავალი კურნება აღესრულებოდა. წმინდანის ნაწილების აღმოყვანება ცაგერში მოხდა და მისი საფლავიც ცაგერში, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის მონასტრის ეზოშია დასვენებული.

სიახლეები