სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა, ასოციაცია ,,ევროპის დროით“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საჯარო მოხელეებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავა, საკრებულოს დეპუტატები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. ყურადღება ასოცირების ხელშეკრულებაზე , სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და იმ სარგებელზე გამახვილდა, რომელიც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით შეიძლება მიიღოს. მოწვეულმა ექსპერტმა უპასუხა მონაწილეთა კითხვებს. აღინიშნა, რომ აუცილებელია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, რათა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ არ გამოიწვიოს სკეპტიკური დამოკიდებულება საზოგადოებაში.
შეხვედრა „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

სიახლეები