სიახლეები

“ინტერნეტი განვითარებისათვის”- ცაგერის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა შეღავათიანი სერვისებით ისარგებლებს

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით პროგრამას -“ინტერნეტი განვითარებისათვის” ახორციელებს. მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა სიაში არიან და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100.000-ს, საშუალება აქვთ პროგრამაში ჩაერთონ და ვაუჩერები მიიღონ. აღნიშნული სააგენტო ცაგერის მუნიციპალიტეტის სამ ლოკაციაზე(დაბა ცაგერი, ოყურეში და ორბელი) პოტენციურ ბენეფიციარებს შეხვდა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“რეგიონული კვირა” დაინტერესდა, თუ რამდენი სოციალურად დაუცველი ისარგებლებს აღნიშნული შეღავათით დაბა ცაგერში და მთლიანად ლეჩხუმში. ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულმა ქალაქ ცაგერში – აკაკი პირველმა განაცხადა, რომ ცაგერში შეხვედრა 11 სექტემბერს შედგა და მას დაახლოებით 20-25 ბენეფიციარი ესწრებოდა.
“როგორც იცით, სკოლაში ბავშვებს წელსაც დაურიგდათ კომპიუტერები, ინტერნეტს მსოფლიოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბავშვებს განვითარებისათვის ესაჭიროებათ ეს სერვისი, თუმცა ყველას ხელი არ მიუწვდება. ქალაქში სულ 120- მდე ბენეფიციარია და სურვილის შემთხვევაში, ინტერნეტს შეღავათიან პირობებში მიიღებენ. დაყენება უფასო იქნება და გადასახადიდან 18 ლარს აბონენტი გადაიხდის, ხოლო დარჩენილ თანხას სახელმწიფო”,- განაცხადა აკაკი პირველმა.
მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ციფრული ეკონომიკის უნარების განვითარებისთვის პროგრამის კოორდინატორის – თორნიკე ჯობავას განმარტებით, პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეღავათებით სარგებლობაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პროვაიდერს აირჩევს აბონენტი.
“რა თქმა უნდა აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეღავათებით სარგებლობაც დამოკიდებულია იმაზე, რომელ პროვაიდერს აირჩევს აბონენტი. ჩვენ შეხვედრები გვქონდა სამ სოფელში, რადგან აქ თავმოყრილია ყველაზე მეტი რაოდენობა სოციალურად დაუცველებისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ამ ლოკაციაზე ისარგებლებენ ასეთი სერვისით, ჩქარი ინტერნეტი და შეღავათები ბენეფიციარებს მიეცემათ ყველა სოფელში”,-განაცხადა თორნიკე ჯობავამ.

სიახლეები