სიახლეები

ლეჩხუმში რძის გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს და ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში ახალგაზრდებმა კოოპერატივი “გვესო-2016“ ჩამოაყალიბეს და თხების მოშენება გადაწყვიტეს. თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპარდმა“ მათი პროექტი 12 000 ლარის გრანტით დააფინანსა, რომლითაც 60 სული თხა შეიძინეს. აქცენტი თხის რძისა და ყველის უნიკალურობაზე და ეკოლოგიურად სუფთა, ბიო პროდუქტის შექმნაზე გააკეთეს. შემდეგ საკუთარი სახსრებით 85 სული თხა მიამატეს, კოოპერატივების გაფართოების სააგენტომ საჩუქრად 300 ლიტრი ტევადობის რძის გადამამუშავებელი ხაზი და საჭირო ტექნიკა საჩუქრად გადასცა. ამ ეტაპზე 300 სული ჰყავთ, თხებს კოოპერატვივში დასაქმებული ოთხი მწყემსი პატრონობს, ცხოველის შეძენას კიდევ ფიქრობენ და მწყემსთა რაოდენობასაც შესაბამისად გაზრდიან.
ზაფხულში თხებს ალპურ ზონაში მიერეკებიან, უკან შემოდგომის დასაწყისში აბრუნებენ, ყველის დამზადებას ორი ქალი უძღვება. ყველი კი იმდენნაირია, მთავარია დათვალიერება არ მოგწყინდეს, არც დაგემოვნება..

ნატო ბენდელიანი, რომელიც კოოპერატივს ხელმძღვანელობს და ძალიან ენერგიული, საქმეზე ორიენტირებული გოგოა, ბიზნესის ამ წამოწყებით ძალიან კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იციან, რომ თხის რძე და ყველი უნიკალურობით გამოირჩევა, რძე ძალიან სასარგებლოა და მას სიცოცხლის წყალსაც ეძახიან. თხის რძე ვიტამინებსა და სასარგებლო მიკროელემენტებს შეიცავს, ახდენს უჯრედების რეგენერაციას, ეფექტურია დიაბეტით დაავადებული ბავშვების, მოზარდებისა და მოხუცებისათვის. ფერმაში ხშირად ნახავთ დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლებს, რომლებიც რძის შეძენით არიან დაინტერესებულნი, აქვთ შეკვეთები მძიმე სენით დაავადებულთა ოჯახებიდანაც.
“ჩვენ ძირითადად 2 სახეობის ყველს ვამზადებთ – გლეხურად დამზადებული და ტექნოლოგიურად გამართული თხის ყველი, რომლის კეთებაც ყველის ცნობილმა ექსპერტმა, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ადგილზე შეგვასწავლა. საერთოდ აბსოლუტურად შეუზღუდავი ხარ თხის ყველის დამზადების ტექნოლოგიებში, ამიტომაც უამრავი სახეობა დავამზადეთ – მანდარინის და ფორთოხლის ჩირით, როზმარინით, ბაზილიკით, ქონდრით, ბებიას მარილით, ჩვეულებრივი ყველით, რომელიც სპეციალურ მაცივარში ინახება, ობმოკიდებული, შავი და წითელი ყველი, რომელიც პაპრიკაშია გახვეული, მაგრამ ჩვენი კოოპერატივის სავიზიტო ბარათი მაინც „საფერავსა” და „უსახელოურში“ დაძველებული ყველია, რომელსაც ანალოგი არსად არა აქვს, მარტო ჩვენთან თუ შეიძენს მსურველი.
ვვითარდებით ყოველდღე, ვსწავლობთ თანამედროვეობის უახლეს ტექნოლოგიებს, გავდივართ გამოფენებზე. შარშან თბილისში „სოფლის ნობათის“ გამოფენაზე და წელს ამბროლაურში აგროფესტივალზე ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან დაინტერესდნენ მომხმარებლები ჩვენი პროდუქციით და მოწონებაც დავიმსახურეთ.
წინ დიდი გეგმები გვაქვს, ევროკავშირის ბაზარზე გვინდა გავიდეთ, ასოცირების ხელშეკრულება ამის შესაძლებლობას გვაძლევს. შეფუთვაზე გრანტი მოვიგეთ და ეს პრობლემა გადაჭრილი გვაქვს, თხების რაოდენობაც უნდა გავზარდოთ, დასაქმებულებისაც, მოკლედ, წინ გრანდიოზული ამბები გველის. ყველის დამზადება ისეთივე აზარტულია, როგორც მაგალითად მხატვრისთვის ტილოს შექმნა“, – ამბობს ნატო ბენდელიანი.

სიახლეები