სიახლეები

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები რეგიონებში გრძელდება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, რეგიონებში გრძელდება. დღეს შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ამბროლაურში იმართება. მსჯელობას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.
„დღეს ამბროლაურში საზოგადოებას წარვუდგენთ 2020 წლის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებებს. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ბლოკები ქართული პოლიტიკისთვის არის კონტრპროდიქტიული, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მაჟორიტარული მანდატების გარეშე ჩავატაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მაჟორიტარობა თავისთავად ცუდი კი არაა, მაგრამ ჩვენი კონტექსტი არის ის, რომ სხვა პარტიებს გაუჩნდეთ შანსი პარლამენტში მოხვედრის.
საზოგადოებას აქვს კითხვები, თუ როგორი იქნება რეგიონის როლი და მათთან კავშირი ამ პროცესებში, აინტერესებთ ბლოკების, ბარიერის და პარტიების რეგისტრაციის საკითხი. ჩვენ აქ ვართ, ოპოზიციასთან ერთად და საზოგადოება ხედავს, რომ თანამშრომლობა ოპოზიციასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საერთო-სახალხო განხილვა კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მთავარი ცვლილება, რომელსაც ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებაა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისია რეგიონების შემდეგ, ბოლო შეხვედრას დედაქალაქში გამართავს. განხილვა თბილისში 30 სექტემბერს შედგება.

სიახლეები