სიახლეები

ცაგერის მუნიციციპალიტეტში კობა ქომეთიანის სახელობის ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ქართულ ჭიდაობაში

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში ჩატარდა ქართული ჭიდაობის ამაგდარის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის არბიტრის, სპორტის ოსტატის, ცაგერის სასპორტო სკოლის დირექტორის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის, კობა ქომეთიანის სახელობის ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც მეოთხედ გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონების 15 გუნდმა (თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, აჭარა, მცხეთა, ხაშური, ოზურგეთი, ჭიათურა, საჩხერე, ხობი, მესტია, ლენტეხი და ცაგერი).
შეჯიბრება ჩატარდა 7 წონით კატეგორიაში: 35 კგ; 45კგ; 60კგ; 66კგ; 73კგ და მძიმე.
66კგ წონაში წარმატებით იასპარეზა ცაგერის სასპორტო სკოლის გუნდის ლიდერმა ნიკა ქომეთიანმა, რომელმაც ზედიზედ 4 სუფთა გამარჯვების შემდეგ დამსახურებულად მოიპოვა ტურნირის ჩემპიონობა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: ოთარ ყურაშვილი - ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი საქართველოს ორგზის ფალავანი, ვალერი პარუნაშვილი - ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მსოფლიოს ჩემპიონი, მირიან გორჯილაშვილი - ფედერაციის გენერალური მდივანი მსოფლიო ჩემპიონი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საპატიო სტუმრები: თორნიკე გაჩეჩილაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს - სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ჯემალ წულუკიძე - აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ზურაბ მახარაძე - ბათუმის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, დაზმირ ონიანი - ლეგენდარული მწვრთნელი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის გამზრდელი და აკაკი მახარაძე - მწერალი.
საინტერესო გამოდგა ღონისძიების გახსნა. მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას მგზნებარე სიმღერა - ლადო ასათიანის სალაღობო უძღვნა ანდრია ხაბულიანმა, მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ოთარ ყურაშვილმა, თორნიკე გაჩეჩილაძემ, ჯემალ წულუკიძემ, დაზმირ ონიანმა და აკაკი მახარაძემ. საზეიმო გახსნის ცერემონიალი დაგვირგვინდა საქართველოს ჰიმნით. ღონისძიებას მოგვიანებით შემოუერთდა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.
 ცაგერის სპორტულ დარბაზში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა იხილა ულამაზესი ორთაბრძოლები. ქართული ჭიდაობის ზეიმი შედგა, ეს დღე დიდხანს ემახსოვრებათ ჭიდაობის მოყვარულებს.

სიახლეები