სიახლეები

ლეჩხუმში რთველი-2019 მიმდინარეობს - ცაგერის მერიაში აცხადებენ, რომ რეგიონიდან კერძო ფირმების გასვლის შემდეგ, დარჩენილ ყურძენს სახელმწიფო გაუწევს რეალიზებას

ლეჩხუმში რთველი-2019 მიმდინარეობს.
დღეისათვის რეალიზებულია 400 ტონაზე მეტი ,,ცოლიკაური", 12 ტონა ,,ალექსანდროული", 10 ტონა ,,უსახელოური".
შემოსულია კერძო ფირმები,რომლებიც ეტაპობრივად იბარებენ ყურძენს,თუმცა,მევენახეებს გარკვეული დაძაბულობა მაინც აქვთ--არ დაზიანდეს ყურძენი ან ამინდები არ გაუარესდეს.
რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა,რომელსაც მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე უძღვებოდა.ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ მერის წარმომადგენლებს თემებში და თითოეული მათგანისგან მოისმინეს ამომწურავი ინფორმაცია დარჩენილი ჩასაბარებელი ყურძნის შესახებ.საერთო ჯამში დარჩენილია 230 ტონამდე ,,ცოლიკაური" და 140 ტონამდე ,,ოჯალეში"
თათბირზე განხილულ იქნა სოფელ ტვიშში არსებული მდგომარეობა.,,ხვანჭკარა როიალმა" შეპირებული რაოდენობის ნაცვლად გაცილებით მცირე რაოდენობის ყურძენი ჩაიბარა,რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.სამწუხაროდ,სახელმწიფოს არ აქვს უფლება კერძო ფირმებს აიძულოს ყურძნის მიღება ან დაუშალოს ხარისხის შემოწმება,ისევე როგორც გლეხს ვერ მოსთხოვს არასასურველ ფასად გასცეს თავისი ნაშრომი.
სახელმწიფო,მუნიციპალიტეტის,სამხარეო ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ არ დაზარალდეს მევენახე.ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით რამდენიმე დღეში,კერძო ფირმების გასვლის შემდეგ, შემოვა სახელმწიფო საწარმო ,,აკურა",რომელიც უკანასკნელ კილოგრამამდე ჩაიბარებს ყურძენს ნებისმიერ ამინდში,თუნდაც წვიმიანში.მანქანები დადგება რამდენიმე ლოკაციაზე.სახელმწიფო თავად გაუწევს რეალიზებას დარჩენილ ყურძენს,ამით შეუძლია მას მევენახის თანადგომა.
რაც შეეხება ტვიშს,სადაც 55 ტონიდან დარჩენილია 15 ტონა ,,ცოლიკაური",ხვალიდან შევა კერძო ფირმა,რომელიც წაიღებს გარკვეული რაოდენობის ყურძენს,დარჩენილზე კი იზრუნებს სახელმწიფო.
ღვინის სააგენტოს წარმომადგენელმა დააანონსა,რომ მომავალი წლიდან ტვიშის მიკროზონის ყურძენზე მოთხოვნა გაცილებით გაიზრდება და პრობლემა აღმოიფხვრება.
გიორგი მახათაძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში კონტროლის გაძლიერების შესახებ,ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად.
თათბირს ესწრებოდნენ და განხილვებში მონაწილეობდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,ცაგერის პოლიციის უფროსი ბუხუტი ნიკურაძე,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ცაგერის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი,ტვიშის მაჟორიტარი დეპუტატი თინათინ ნემსიწვერიძე.

სიახლეები