სიახლეები

„ბიზნესმენებს ვურჩევდი, თამამად ჩადონ ინვესტიცია ლეჩხუმში“- გაეროს განვითარების ფონდმა ცაგერის მუნიციპალიტეტს გრანტი გამოუყო

2018 წელში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ცაგერში საინფორმაციო ტურისტული ცენტრის მშენებლობა დაიწყო და შენობის ძირითადი ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდა. დღის წესრიგში საქმის მეორე ეტაპი – ინვენტარით აღჭურვა და შესაბამისი კადრებით დაკომპლექტება დადგა. „რეგიონული კვირისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გაეროს განვითარების ფონდმა პროექტისთვის გრანტი გამოყო, რომლითაც შესაძლებელი გახდება ცენტრის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.
 
აღნიშნული საკითხის დეტალებზე „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მიხეილ მეშველიანმა ისაუბრა.
 
– ბატონო მიხეილ, ამ მომენტისათვის რა ეტაპზეა ცაგერის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების საკითხი?
– საინფორმაციო ტურისტული ცენტრი, რომლიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტით განხორციელდა, როგორც ხედავთ, ფაქტობრივად დასრულებულია და გადავედით საქმის მეორე ეტაპზე: ინვენტარის შეძენა და ცენტრის აღჭურვა, ასევე, შესაბამისი კადრებით დაკომლექტება და სხვა საკითხები, რომელიც საჭიროა ცენტრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ პრობლემების გადაწყვეტაში სასიამოვნო სიახლე გახლავთ გაეროს განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტი.
 
– რა რაოდენობის გრანტია გამოყოფილი, რა მიზნობრიობით დაიხარჯება თანხები და როგორია თანადაფინანსების წილი მერიის მხრიდან?
– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტი გამონაკლისია საქართველოს მუნიციპალიტეტებში, იმ თვალსაზრისით, რომ გაეროს განვითარების ფონდმა დაუშვა პრეცედენტი და ჩვენს მუნიციპალიტეტს გამოუყო 81 000 ლარის ოდენობის გრანტი მერიის 10 პროცენტიანი თანადაფინასებით და მისი სრული განკარგვის უფლებით. მეტი სიცხადისთვის გეტყვით, რომ გაეროს განვითარების ფონდი წლებია საქართველოში უამრავ პროექტს ახორციელებს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფონდი გახლდათ დამკვეთიც და შემსრულებელიც. ჩვენს შემთხვევაში კი გრანტი გადმოგვეცა თანხის სრული განკარგვის უფლებით. ეს უაღრესად დიდი ნდობის გამოცხადებაა დონორის მხრიდან და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მხრიდან. დამფინანსებლები, რა თქმა უნდა, აკვირდებიან მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, ამოწმებენ ხარისხს. როგორც იცით, ცაგერში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ხორციელდება, გაკეთებულმა საქმეებმაც, ალბათ, განაპირობა ამ ნდობის მოპოვება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობები მივიდნენ იმ ეტაპამდე, როცა ყოფნით კომპეტენცია და პასუხისმგებლობა ევროპელი პარტნიორების მიერ გამოყოფილი თანხები მიზნობრივად და გამჭვირვალედ დახარჯონ. მინდა, მადლობა გადავუხადო გაეროს განვითარების ფონდსა და მის დონორ ორგანიზაციებს ჩვენკენ გადმოდგმული ამ ნაბიჯისთვის.
რაც შეეხება თანხების განკარგვას, პროგრამაში კონკრეტულადაა გაწერილი რა რაოდენობის თანხა რა მიმართულებით დაიხარჯება – ძირითადად, მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის უკეთ განვითარებას მოხმარდება. ამასთან, მომზადდება მაღალი დონის ვიდეოკლიპი ლეჩხუმზე ოთხივე სეზონის გათვალისწინებით, 10 000 ლარი შესაბამისი კადრების გადამზადებას მოხმარდება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ, თითქმის არ გვყავს ადამიანური რესურსი. ასევე, მომზადების პროცესშია ტურიზმის განვითარების კონცეფცია, სადაც გაწერილი იქნება თითოეული დეტალი მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიმართულებით, გაკეთდება ლეჩხუმის საინფორმაციო სტენდი, დაიბეჭდება ბუკლეტები, გზამკვლევები. სათანადო ინვენტარის შეძენაში კი დაახლოებით, 39 000 ლარის დახარჯვას ვგეგმავთ.
რადგან ამ პრეცედენტის დაშვებით საპილოტე მუნიციპალიტეტი ვართ, ვგრძნობთ მაღალ პასუხისმგებლობას არა მარტო ჩვენი მოსახლეობის, არამედ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების წინაშეც და ვცდილობთ, რაც შეიძლება ეფექტურად და გამჭვირვალედ განვითარდეს გრანტის ათვისების პროცესები.
 
– თქვენი აზრით, რა სიკეთეებს მიუტანს ცენტრის სრულყოფა მოსახლეობას და რის შეთავაზებას აპირებთ დაინტერესებული ვიზიტორებისთვის?
– ცენტრის სრული კომpლექტაცია, ალბათ, მომავალი წლის მარტის თვისთვის დასრულდება. წინასწარი ინფორმაციით, მის გახსნაზე ჩამოსვლას გაეროს განვითარების ფონდის ნიუ-იორკისა და ჟენევის ოფისებიდანაც აპირებენ. ლეჩხუმს აქვს უდიდესი პოტენციალი ტურისტული მიმართულებით, უბრალოდ, ჩვენ მეტი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და ცნობადობა გვესაჭიროება. მარტო ხვამლის მთა რად ღირს, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის წყალტუბოს ახლახანს დაანონსებული აღორძინების ინიციატივაც, ლენტეხი-მესტიის მისასვლელი გზის კეთილმოწყობაც, სულ მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდება ხვამლის მისტიკურ მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. ასე, რომ ბიზნესმენებს ვურჩევდი, ვთხოვდი, მოვუწოდებდი, თამამად ჩადონ ინვესტიცია ლეჩხუმში, რადგან მერწმუნეთ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ გავხდებით დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ტურისტული მხარე.

სიახლეები