სიახლეები

27 სექტემბერს გაიმართა კობა ქომეთიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ცაგერის გელა ხვადაგიანის სახელობის სპორტულ დარბაზში საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა კობა ქომეთიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს კასპის, ხაშურის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ვანის, წყალტუბოს, ჩხოროწყუს, ბათუმის, ქუთაისის, ლენტეხის და ცაგერის გუნდებმა. შეჯიბრების მონაწილეებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 25 წლის წინ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ცაგერის სასპორტო სკოლის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

წონითი კატეგორიების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ ვალერი სილაგაძე (სოფ. დეხვირი) და ნიკა ქომეთიანი (სოფ. ქვ. ცაგერი), მეორე ადგილი მოიპოვა ბექა ქარსელაძემ (სოფ. ლაცორია), ხოლო მესამე ადგილი ლადიკა კოპალიანმა (სოფ. ჩხუტელი).

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს გადაეცათ ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ცაგერის პოლიციის სამმართველოს მიერ დაწესებული პრიზები და ფულადი საჩუქრები.

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურმა და ცაგერის სასპორტო სკოლამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი თორნიკე გაჩეჩილაძე, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი,გენერალური მდივანი მირიან გონჯილაშვილი,აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ წულუკიძე, საქართველოს ფალავნები ოთარ ყურაშვილი, ვალერი პარუნაშვილი და ალექსი დავითაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, საკრებულოს თავჯდომარე გიორგი გუგავა, მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი ბუხუტი ნიკურაძე.

ქართული ჭიდაობის ზეიმი ცაგერში გვიან საღამომდე გაგრძელდა.

სიახლეები