სიახლეები

ლასურიაშის სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები საპატიოდ გააცილეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლასურიაშის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს – ნინი ლაკვხელიანს, ნიკოლოზ მუშკუდიანსა და სერგო მიქაძეს, რომლებმაც განათლების სამინისტროს ჯილდოს მიღების შემდეგ სკოლა დატოვეს, გაცილების ღონისძიება პედკოლექტივმა და ცაგერის მერიამ მოუწყვეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს მათი ყოფილი მოსწავლეები, ახალგაზრდა პედაგოგები ჩაანაცვლებენ.
საგანგებოდ გამართულ ზეიმზე პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი გუგავამ, მერის მოადგილემ – მიხეილ მეშველიანმა, სკოლის დირექტორმა – მარინე ბრეგვაძემ და ცაგერის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა – ირაკლი სილაგაძემ, ღონისძიებაზე სკაიპით ჩაერთო ამავე სკოლის ინგლისურის პედაგოგი, ნიუ იორკში მცხოვრები, ამერიკელი ახალგაზრდა ჯოში, რომელიც მადლობას უხდიდა პენსიონერ პედაგოგებს მათთან გატარებული შინაარსიანი 3 წელიწადისთვის.
სკოლიდან საპატიოდ წასული პედაგოგი ნინო ლაკვეხელიანი, „რეგიონულ კვირასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა სკოლისა და ბავშვების დატოვება, დიდი სტიმული მისცა იმ ფაქტმა, რომ მის გზას, მისივე მოსწავლე გიორგი კენჭაძე გააგრძელებს და ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ისეთივე მონდომებით ასწავლის ბავშვებს, როგორც თავად ასწავლიდა გიორგის.
„თითქმის ყოველდღე აქ ვარ, მერე რა, რომ წავედი. ის, რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი ჩემი ჯილდოები, დამსახურებები ცაგერის განათლების მუზეუმში მივიტანე და იქ დავტოვე, ცოდნა კი ჩემს ბავშვებს მივაბარე. მე განსაკუთრებით გამახარა იმან, რომ ესტაფეტა გადავეცი ყოფილ მოსწავლეს, არაჩვეულებრივი განცდა იყო როცა გავიგე. ის ბავშვი სხვა სოფლიდან აქ მეათე კლასში გადმოვიდა, მას შევუყვარდი როგორც პედაგოგი და რომ გავიგე გიორგი მოდიოდა, ძალიან გამიხარდა“, – თქვა ნინო ლაკვეხელიანმა.
სკოლის დირექტორი მარინე ბრეგვაძე სინანულს ვერ მალავს ასეთი პროფესიონალი პედაგოგების სკოლიდან წასვლის გამო, მაგრამ იმ ახალგაზრდების იმედი აქვს, რომლებიც ღვაწლმოსილ პედაგოგებს ჩაანაცვლებენ.
„ამ მასწავლებლების გასვლა სკოლიდან არ იყო ასე რომ ვთქვათ იძულებითი ნაბიჯი, პირიქით, ისინი სკოლიდან, დაფასებულად და ღირსეულად გაუშვა სახელმწიფომ და სამინისტრომ. აქ ყველაზე კარგი ისაა, რომ ამ პედაგოგების მოვალეობას ის ადამიანები გააგრძელებენ, რომლებიც ამ სკოლის აღზრდილები და წარმატებული ახალგაზრდები არიან დღეს ლეჩხუმში”, – ამბობს მარინე ბრეგვაძე.

სიახლეები