სიახლეები

ფრენბურთი როგორც ჩემპიონს შეეფერება: ცაგერის ხუთიდან ხუთი

გუშინ თბილისში დამთავრდა საქართველოს ფრენბურთელ ვაჟთა 2019-2020 წლების 29-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის. შეჯიბრებაში ექვსი კლუბი მონაწილეობს. აღმავლობით ითამაშა მოქმედმა ჩემპიონმა ცაგერის გუნდმა (კლუბის დირექტორი გია სილაგაძე, მწვრთნელი თემურ ჭაბუკიანი), რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო - ზედიზედ დაამარცხა გორის (3:0), ყვარლის (3:1), თბილისის (3:1), ქუთაისის (3:2), ბათუმის (3:1) გუნდები და პირველი წრის შემდეგ 14 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. 
- ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებებები შემთხვევითი არ არის, - გვითხრა გია სილაგაძემ. -  ახალი სეზონისთვის თბილისში ოლიმპიური ჩემპიონის - ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მომზადების სასპორტო ცენტრის დარბაზში ვემზადებოდით. მასპინძლებმა ვარჯიშისა და აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობა შეგვიქმნეს. გუნდის თითოეული წევრიც  მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდა საწვრთნელ პროცესს. საგულისხმოა ისიც, რომ სრულფასოვანი მომზადებისთვის სათანადო ფინანსური დახმარება გაგვიწია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ. აქტიურად დაგვიდგა გვერდით ინტერნეტ პროვაიდერი - კომპანია „სქაიტელი“, რომელმაც გუნდისთვის ფორმის ორი კომპლექტი და უმაღლესი ხარისხის ბურთები, ხოლო კლუბის მწვრთნელებისთვის მაისურები შეგვიძინა. ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა არც გაისად მოგვაკლდება და ჩვენც ჩემპიონობის შესანარჩუნებლად არაფერს დავიშურებთ... 
სატურნირო მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ: ცაგერი - 14 (პარტიები 15:5), ქუთაისი - 13 (14:5), თბილისი - 9 (11:9), ყვარელი - 6 (9:9), ბათუმი - 3 (5:12), გორი - 0 (1:15) ქულა.
ჩემპიონატის მეორე წრის პაექრობები მარტში გაიმართება.

სიახლეები