სიახლეები

20 დეკემბერს საგანმანათლებლო პროექტ ,,კარცერი-ლუქსის“ V სეზონი გაიმართა

ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული... სამყარო კი არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და მოიქცევა... გჯეროდეს, თუ ოდესმე ისევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად აღარ დაგიბრუნებთ შენს წერილებს და ამის გამო თავს არ მოიკლავ...“- თითქოს, წლების წინ გვაფრთხილებდა გოდერძი ჩოხელი იმ ტკივილის შესახებ, რომლითაც ამ კვირაში გავერთიანდით... წლებია, ჩვენი პროექტით ვცდილობთ, თაობები დავაბრუნოთ წიგნებთან, რომლებიც სიკვდილ - სიცოცხლის მარადიულ გაკვეთილებს გვიტარებენ, იმ ცოდნას გვაძლევენ, რომლის წყალობითაც წერილებს, თუნდაც კედელზე დატოვებულს, გაუხსნელად არ დავაბრუნებთ და ჩვენი შვილები საშინელებას აღარ ჩაიდენენ“, - ამ სიტყვებით გახსნა 20 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის საგანმანათლებლო პროექტ ,,კარცერი-ლუქსის“ V სეზონი პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაყვალა კოპალიანმა.
კონკურსი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას მიეძღვნა. მონაწილე გუნდებს შორის გაიმარჯვეს ცაგერის საჯარო სკოლის გუნდმა ,,მნემოსინემ“ /უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი/ და ზუბის საჯარო სკოლის გუნდმა ,,თაკვერმა“ /უფროსი ასაკობრივი ჯგუფი/.
პროექტის ყველა სეზონში აქტიური მონაწილეობისთვის დიპლომები გადაეცათ ცაგერის, ლაჯანისა და ზუბის საჯარო სკოლებს.
,,კარცერი-ლუქსის“ VI სეზონი /საგაზაფხულო/ ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, გოდერძი ჩოხელისა და ბესიკ ხარანაულის შემოქმედებას მიეძღვნება. V-VI სეზონების გამარჯვებული გუნდები ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მიერ დაფინანსებული ექსკურსიით მოივლიან ფშავ-ხევსურეთს, ყაზბეგსა და გუდამაყრის ხეობას.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს წიგნის სამყაროში.

სიახლეები