სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის წარმომადგენლებმა რეგიონში საკარანტინო ზონები დაათვალიერეს და მოხალისეებს შეხვდნენ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გიორგი გონაძემ და ლევან ქვათაძემ ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოწყობილი საკარანტინო ზონები დაათვალიერეს და საგანგებოდ შექმნილ მოხალისეთა ჯგუფებს შეხვდნენ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკარანტინო ზონა ორ ლოკაციაზეა განთავსებული – შ.პ.ს. სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი – „ლენტეხის“ ოფისსა და ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სასპორტო ოლიმპიური კომპლექსის სასტუმროში.
როგორც “რეგიონულ კვირასთან“ ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი ამბობს, საკარანტინო სივრცეები 42 ადამიანზეა გათვლილი და მათი შესაბამისი აღჭურვა მიმდინარეობს.
„ვცდილობთ, პრობლემებს გავუმკლავდეთ. ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს რეკომენდაციების შესაბამისად. 42 საკარანტინო ადგილი გვაქვს – 36 საწოლი და 3 ბოქსირებული ოთახი, ვახდენთ საბოლოო აღჭურვას, მცირე დეტალები დარჩა მოსაგვარებელი. მართალია, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კიმზად ვართ. შეიქმნა მოხალისეთა ათკაციანი ჯგუფი. დღეს მოხალისეებმა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სწავლება გაიარეს და საჭიროების შემთხვევაში, ისინი მოსახლეობას დაეხმარებიან“, – განაცხადა ლენტეხის მერმა.
საკარანტინო სივრცეები ცაგერის მუნიციპალიტეტშიც ორ ლოკაციაზე მზადდება – ქვედა ცაგერისა და ორბელის სამედიცინო ამბულატორიებში. როგორც ცაგერის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ განაცხადა, დღეს უკვე ელოდებიან საჭირო ინვენტარსა და აღჭურვილობას. ცაგერში მოხალისეთა 20-კაციანი ჯგუფი შეიქმნა და უახლოეს დღეებში ჯანდაცვის წარმომადგენლები მათ სათანადო ტრენინგებს ჩაუტარებენ.
სახელმწიფო ადმინისტრაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ „რეგიონულ კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კოორდინაციაში იმყოფება მხარის მუნიციპალიტეტებთან და ეცნობა სიტუაციას.
„სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ადგილზე გავეცანით კორონავირუსის პრევენციის სამუშაოებს: მოვინახულეთ საკარანტინო ზონები, შევხვდით მოხალისეებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგები თუ როგორ უნდა მოიქცნენ საჭიროების შემთხვევაში. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ორივე მუნიციპალიტეტი მზადაა პირველადი დახმარების გასაწევად, როგორც საკარანტინო ზონებით, ასევე ბოქსირებული განყოფილებებით“, – განაცხადა გონაძემ.

სიახლეები