სიახლეები

ძვირფასო ლეჩხუმელებო!

ძვირფასო ლეჩხუმელებო!
მინდა კიდევ ერთხელ შეგეხმიანოთ ქვეყნისთვის ამ ძალზედ მძიმე დღეებში.მადლობა გითხრათ იმ გამძლეობისა და თანადგომისათვის,რასაც ერთმანეთის მიმართ იჩენთ.
არ შემიძლია საჯაროდ არ გამოვხატო მადლიერება მხარის მაჟორიტარი დეპუტატის,გოჩა ენუქიძის მიმართ,რომელმაც COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად,საკუთარი სახსრებიდან,დიდი რესურსი გაიღო,აგრეთვე,მხარის გუბერნატორის,არჩილ ჯაფარიძის მიმართ,რომელიც რეგიონში,ყოველდღიურად,მოსახლეობასთან ადგილზე მისვლით ეცნობა არსებულ სიტუაციას და მზადყოფნას გამოთქვამს თითოეული ადამიანის დასახმარებლად
მადლობას ვუხდი ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გუნდს,ჩვენს მედპერსონალს,პოლიციელებს,მოხალისეთა ჯგუფს...თითოეულ თქვენთაგანს,ვინც გაგებით ეკიდებით არსებულ სიტუაციას-რომელთა საჭიროებაც გადაუდებელია,მუშაობთ ხალხისთვის,სხვები კი იცავთ იმ რეკომენდაციებს,რომლებიც ვირუსის პრევენციის მიზნით არის შემუშავებული.
შეიქმნა გარკვეული პრობლემები,რასაც ვერ გავექცეოდით,დაწესდა შეზღუდვები-მაგრამ ეს ყველაფერი,დროებითია.
ჩვენი ყოფა-ცხოვრება,რა თქმა უნდა,იდეალური არ არის,მაგრამ თქვენი სწორი მიდგომით,ვართ იმ რეალობის წინაშე,რომ ჩვენს რეგიონში,დღევანდელი მონაცემებით,ვირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.
ბევრი ლეჩხუმელი დაუბრუნდა საკუთარ მიწა-წყალს.გვაქვს იმედი,რომ ჩვენი სუფთა და დაცული გარემო თითოეულის ჯანმრთელობის საწინდარი იქნება.მოცემულ რეალობაში ხომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება არის ჩვენთვის უმთავრესი.
მე,როგორც ერთი თქვენგანი,მაგრამ თითოეული თქვენთაგანს სიცოცხლეზე პასუხისმგებელი,კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,შევინარჩუნოთ სიმშვიდე,დავიცვათ წესები,მოვუფრთხილდეთ საკუთარ და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.
ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელების,საამაყო მედიკოსების ძალისხმევით ეს განსაცდელი მალე გაივლის.ჩვენ ისევ დავაგებთ გზებს,გავაუმჯობესებთ წყალმომარაგებას,ავაშენებთ საბავშვო ბაღებს,მოედნებს,სკვერებს... განვახორციელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ,სოციალურ,კულტურულ თუ ახალგაზრდულ პროექტებს,გავითვალისწინებთ თქვენს რეკომენდაციებს და ჯანსაღ კრიტიკას,რადგან ამ განსაცდელმა კიდევ უფრო დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი ადამიანისათვის.
გვიგულეთ თქვენს გვერდით!
პატივისცემით,
ავთანდილ უგრეხელიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები