სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექნილი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექნილი საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.
 სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგიონში შემავალ ცენტრალურ საავტომობილო გზებზე საკონტროლო პუნქტების მოწყობასთან დაკავშირებით. სულ გაიხსნება 3 პუნქტი მთავარ საავტომობილო გზებზე. კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 1 პუნქტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში - 2: ერთი ქორენიში-ტვიშის მიმდებარედ, ერთიც - გელავერის უღელტეხილზე. აღნიშნულ პუნქტებზე მოხდება რეგიონში შემომსვლელ და რეგიონიდან გამსვლელ მოქალაქეთა თერმოსკრინინგი 24 საათიან რეჟიმში. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი პუნქტები კი შეწყვეტენ ფუნქციონირებას.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტებში ჩასატარებლი სადეზინფექციო სამუშოების დეტალური გრაფიკები. ამჟამად რეგიონის მასშტაბით უკვე დაწყებულია ქუჩების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ადმინისტრაციული და სხვა შენობების დეზინფექცია.
 სხდომას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი. სხდომას ესწრებოდნენ რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, პოლიციის განყოფილებების ხელმძღვანელები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეგიონული სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები.

სიახლეები