სიახლეები
27 სექტემბერი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში
26 სექტემბერი უმძიმესი დღეა იმათთვის,ვინც აფხაზეთში ბოლო დღე გაატარა საკუთარ მიწა-წყალზე...27 სექტემბერი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული და ავად მოსაგონარი დღეა, აფხაზეთი-ზოგისთვის მთელი სიცოცხლეა,დანარჩენი ქართველებისთვის კი- დიდი მონატრება,წაგლეჯილი სხეულის ნაწილი...არ შეიძლება გავიხსენოთ სოხუმი,გაგრა,ოჩამჩირე...და თვალწინ არ დაგვიდგეს შავი ზღვის ლაჟვარდოვანი,მწვანეში ჩაფლული სანაპირო,გაჩახჩახებული,სიცოცხლით სავსე ქალაქები,სოფლები და ქართულ-აფხაზურად ტკბილმოუბარი ადამიანები,რომლებიც დიდხანს ცხოვრობდნენ მეგობრულად.
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება...ვერ გავექცევით მტკივნეულ მოგონებებს,ძმათა შორის,მესამე ძალის მიერ მართულ სისხლიან დაპირისპირებას.ომს,რომელმაც დაანგრია ქალაქები,საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია ოჯახები,თავიანთი აყვავებული ცხოვრებიდან გავერანებულ ქვეყანაში რომ აღმოჩნდნენ,თუმცა მათი შრომისმოყვარეობით მალევე დაიმკვიდრეს ადგილი იქ,სადაც მოახვედრათ განგებამ,იქ სადაც საოცარი სითბოთი დახვდნენ მათივე ქართველები, ომს,რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა,მათ შორის ლეჩხუმელების...გმირების,რომლებიც მოვალენი ვართ მარად გვახსოვდეს.
ხშირად უნდა შევახსენოთ ჩვენს მომავალ თაობას, რა დავკარგეთ ამ, უთანასწორო ომით,და რაც დავკარგეთ,ის არასოდეს იქნება სხვისი-ჩვენი აფხაზეთი.
აფხაზ ერს კი ჩვენი ცხოვრების წესით,ჩვენი ქვეყნის წინსვლით და გაძლიერებით უნდა ვაჩვენოთ ვისთან უკეთესია,ვინ იყო მათთვის ნამდვილი მეგობარი...მათ თავად უნდა გაუჩნდეთ სურვილი,დაუბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოს.ეს იქნება ყველაზე
დიდებულად და ჰუმანურად,სისხლის ღვრის გარეშე მოგებული ბრძოლა საქართველოს კვლავ გამთლიანებისათვის.ახალი სისხლი, თუნდაც,სისხლის წილ აღარ სჭირდება ჩვენს ქვეყანას,ჩვენს მომავალ თაობებს.
ქედს ვიხრი აფხაზეთის,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეწირული გმირების წინაშე,მათ მიერ დაღვრილი სისხლი უშედეგოდ არ ჩაივლის...ნატანჯი სოხუმი მალე კვლავ გახდება შავი ზღვის სანაპიროს თვალისმომჭრელი მშვენება--ქართველების საამაყო ქალაქი!
27 სექტემბერს ჯვართამაღლებას ზეიმობს მართლმადიდებლური სამყარო.ჯვრის ძალამ გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
ავთანდილ უგრეხელიძე
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი


