სიახლეები
ქალაქ ცაგერში დასრულებული ‘’ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი’’ მოინახულეს
ქალაქ ცაგერში დასრულებული ‘’ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი’’ UNDP –ის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებულთან- პაპუნა მარგველიძესთან,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან- ავთანდილ უგრეხელიძესთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან-გიორგი გუგავასთან,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს,სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შიდა ინტერიერის აღჭურვა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა II” პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მხარდაჭერით.
გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსება შეადგენს 72 198 ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის აღჭურვა საჭირო ინვენტარით. ასევე ცაგერის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდა საინფორმაციო მასალები (ბუკლეტები), შეიქმნა 2 ვიდეო კლიპი, მომზადდა ტურისტული საინფორმაციო სტენდი და მოეწყო საგზაო მანიშნებლები.
დაიგეგმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ცაგერი იყო საქართველოში პირველი მუნიციპალიტეტი, რომელთანაც გაეროს განვითარების პროგრამამ პირველი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი დაფინანსების მიზნით.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა ცაგერის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს კომპიუტერული ტექნიკა საჩუქრად გადასცა, ასევე, ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტი ''საირმის სვეტები''.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ აღნიშნა,წარმატებით განხორციელებული ეს პროექტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახდება ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ გაეროს განვითარების პროგრამა კვლავ აგრძელებს რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მადლობა გადაუხადა UNDP –ის ხელმძღვანელს ლუიზა ვინტონს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს- მზია გიორგობიანს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობას ერთობლივი პროექტისთვის, მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის და გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის.


