სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელთან- დავით დამენიასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელთან- დავით დამენიასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა.
შეხვედრის მთავარ მიზანს სატყეო რეფორმისა და „ტყის ახალი კოდექსით“ გათვალისწინებული ცვილებების დეტალური განხილვა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით სრულად გაუქმდა ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა.
განხორციელდა ქვეყანაში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყო. ხე-ტყის დამზადება ხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, მოსახლეობას კი აქვს შესაძლებლობა როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძინოს. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყეთსარგებლობა ხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, მცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე, მნიშვნელოვნად მცირდება უკანონო ჭრების რისკები.
ტყის ახალი კოდექსის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, აგრეთვე, ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად. ტყის მართვის საფუძველი ტყის კოდექსში მოცემული ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტებია.
შეხვედრაში მხარის მასშტაბით მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და შესაბამისის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრის ფორმატის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე.

სიახლეები