სიახლეები
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით “აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღება დაწყებულია
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით “აწარმოე საქართველოში” ბიზნესიდეების მიღება დაწყებულია.
ამასთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან (ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი) ადგილობრივი მეწარმეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროექტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს სააგენტოს ‘’აწარმოე საქართველოში’’ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გააცნო და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
საინფორმაციო შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან ერთად დაესწრო.
სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარებისა და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა.
პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს, პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნეს პროექტის შემთხვევაშიც.
პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%.
პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს - კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%.
პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყო 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15:00 საათამდე.
‘’პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მინდა მოვუწოდო ჩვენი მხარის მოსახლეობას მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში და გამოიყენონ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი საქმიანობები’’- პაპუნა მარგველიძე სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ პრეზენტაცია ჩამოტვირთოთ აღნიშნული ბმულიდან 3 დღის ვადაში. https://we.tl/t-MUAecicqjK


