ბუნება და კლიმატი | ცაგერის მუნიციპალიტეტი

12957224_1017322761673833_452491900_n-300x150ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საშუალო სიმაღლის მთები ძირითდად იურული და ცარცული  ქვიშაქვებით, კირქვებითა  და პალეოგენურ-ნეოგენური ქანებისგანაა აგებული, ხოლო მდინარეთა ტერასები და ქვაბულის ფსკერები  ალუვიური ნაფენებით.

რელიეფურად ცაგერის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას. ჭარბობს ეროზიულ-დენუდირებული და კარსტული რელიეფი, ციცაბო და საშუალო დახრილობის მქონე ფერდობებით.

საქართველოში იშვიათად მოიძებნება ადგილი, სადაც შედარებით პატარა ტერიტორიაზე , იმდენად მრავალფეროვან, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტურ სიმაღლეებს ვხვდებით, როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტში. მხარე განთავსებულია ერთიმეორისაგან წყალგამყოფებით, მკვეთრად გამიჯნული მდინარეების: რიონის, ცხენისწყლის, ლაჯანურის, ჯონოულის და ღვირიშის ხეობები. აქ ნახავთ ხვამლის, ასხის, საირმის,ჭიქელაშის კარსტულ საოცრ რელიეფის ფორმებს 200-250 მეტრი სიღრმის და რამდენიმე მეტრის სიგანის: ტვიშის, ორპირის, სარეწკელას, მურის და ღვირიშის კირქვებში განთავსებულ კანიონისებურ ვიწრობებს, უამრავ მინერალურ და წყაროს წყლებს, ჩანჩქერებს.

ლეჩხუმის თვალწარმტაცი ბუნების სურათები  საქართველოს მგოსანმა აკაკიმ თავის პოემაში  „რაჭა-ლეჩხუმი’’ ასე აღწერა  – /ღმერთო რა ვნახე, სასიზმრო და საარაკო მხარეა, /თუ თვით ედემი არ არის, ედემის შესადარია/.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება კოლხეთის დაბალი და საშუალო მთის ტყის ლანდშაფტების ზონას, სამხრეთიდან და დასავლეთიდან მთების – ხვამლისა და ასხის მდებარეობა განაპირობებს, დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ადგილებთან შედარებით განსხვავებულ კომფორტულ მიკროკლიმატს. დაბალ ზონაში, ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +11,40, იანვრის საშუალო – 00, ივლისის  საშუალო ტემპერატურა +220. ნალექების წლიური რაოდენობა 900-1000 მმ-ია.

მდინარეთა ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია, მთის კალთებზე სჭარბობს ტყის ყომრალი და კორდიან-კარბონატული, მთის ტყის ქვედა სარტყელში კი გაეწროებული წყლის ყომრალი და კარბონატული ნიადაგები. 1800 მ.ზემოთ სუბალპურ და ალპურ ზონაში მთა-მდელოს კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია წაბლ-რცხილნარი, იელის ქვე ტყე, 800-1000 მეტრზე და მის ზემოთ ვხვდებით კოლხური ტიპის პოლდომინატურ ტყეებს. გავრცელებულია წაბლი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი. სიმაღლის მიხედვით შემდეგ მოდის ძირითადად წიფლარის ტევრი შქერის ქვეტყით და მუქწიწვოვანები-სოჭი და ნაძვი. 1800 მეტრის ზევით არის სუბალპური და ალპური მდელოები.

მთა-ხეობები მდიდარია სამკურნალო მცენარებით, ქვე ტყეში გვხვდება: მოცვი, ასკილი, ჯონჯოლი, ჩიტკაკალა, ციცაბარდა, მეფშალი, სურო, ძაღლყურძენა, ჭალებზე არის: ქაცვი, ეკალა, თხილი, ბალახოვნები: ჭინჭარი, მრავალძარღვა, ქვატკეცია, შავი ბალახა, ულეწავი, კულმუხა, სამყურა და სხვა.

ტყეში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, შველი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, მაღალ ზონაში არჩვი, მდინარე ლაჯანურის ხეობაში არის გარეული ღორი.

ლეჩხუმში ზომიერი სარტყელისათვის დამახასიათებელ მთის, ტყისა და ალპური ველის ყველა სახის ფრინველებს ვხვდებით, მდინარეები მდიდარია თევზით (კალმახი, წვერა,ნაფოტა, ღორჯო და სხვა).